მოგესალმებით!

среда, 20 марта 2024 г.

თორნიკე ერისთავის სტრატეგიული გეგმა








 ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად შერჩეულ სტრატეგიას. ჭკვიანი მხედართმთავრები ითვალისწინებდნენ მის 6 ძირითად ელემენტს:
  • ტემპი
  • მოწინააღმდეგის შეტევას, მნიშვნელოვან ადგილზე, საჭირო დროს. იდეალურ შემთხვევაში, ეს ადგილი უნდა იყოს, ერთ ერთი საკვანძო და ამავე დროს შედარებით ცუდად დაცული.
  • მოულოდნელობა
  • კომბინირებული სამხედრო ძალის გამოყენება (მაგ. ქვეითი ჯარი და შეჯავშნული ტექნიკა)
  • მოქნილობა
  • დეცენტრალიზებული მართვა-როდესაც სიტუაცია სწრაფად იცვლება, საჭიროა დაბალი რანგის მეთაურებმა, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება, მთავარი სამეთაურო შტაბის გარეშეც.
        ეს სწავლება უცილობლად სწირდებოდათ ქართველებს, რადგან  ვინ არ იყო ჩვენი მტერი?
ქრისტეს დაბადებამდე სპარსეთი და რომი. ქრისტეს შემდეგ კიდევ სპარსელები, მერე არაბები, ოსმალები, მონღოლები, კიდევ სპარსელები, კიდევ ოსმალები, ლეკები, და სულ ბოლოს რუსები.
ქართველი ერი ყველას გადაურჩა. მან შეინარჩუნა თავისი სახე, ენა, რჯული და ადათი; დაჰკარგა მხოლოდ ნაწილი მიწა-წყლისა, ესე იგი ლაზისტანი, ისპირ, _ ტაო კლარჯეთი და ბევრი ქართველობა იყო გადასახლებული სპარსეთსა და ოსმალეთში.
ამის და მიუხედავად, საქართველომ მოაღწია მეცხრამეტე საუკუნემდე როგორც სახელმწიფომ, თავის ტერიტორიით ხალხით და მთავრობით.
რუსეთმა ას-ოცი წელიწადი იბატონა ჩვენში, მაგრამ  ვერ გაგვარუსა და და საქართველოც გუბერნიებად ვერ გადააქცია.
მართალია, რუსეთი დღესაც ბატონობს ჩვენში, მაგრამ იგი პყრობს საქართველოს და არა გუბერნიას.
რაც შეეხება წითელ დროშას, იგი გახუნდება და მის ნაცვლად, იმედი გვაქვს, ჩქარა აფრიალდება ჩვენს სისხლში შეღებილი შვინდის ფერი დროშა.
ჩვენი ადრინდელი ომები არ არის შესწავლილი; არც ის ვიცით, რა საფეხურზედ იდგა ქართული სამხედრო ხელოვნება საქართველოს აყვავების ხანაში, როგორ აღორძინდა და როგორ იზრდებოდა იგი. ამის მკვლევარი არა გვყავს; მასალები კი უსათუოდ ბევრი გვაქვს და თავის მომვლელს უცდის. `თორნიკე ერისთავში~ ამ მხრივ ბევრი რამ არის დამაფიქრებელი. თუმცა აკაკი წერეთელი მხედარი არ იყო, მაგრა იგი ამ პოემაში სურათებს ისე მხედრულად გვიხატავს და ისეთ სწორ მხედრულ აზრებს გამოსთქვამს, რომ ადამიანი რწმუნდება, რომ ეს არ არის პოეტური ფანტაზიის ნაყოფი, არამედ დოკუმენტზედ დაყრდნობილი აღწერაა.
შეუდგეთ პოემის განხილვას.
რასაკვირველია, მე ვაფრთხილებ მკითხველთ, რომ ჩემი წერილი არ არის სამხედრო ხელოვნების გამოკვლევა, რადგან არა მაქვს ამისათვის სათანადო მასალები; ჩემი წერილი მხოლოდ გარჩევაა, `თორნიკე ერისთავი~-სა მხედრულის თვალსაზრისით. ესე იგი ეხება ამ პოემაში მოცემულ სამხედრო სურათებს.
მდინარე ჰალისის პირად იდგნენ ქართველთა და ბერძენთა ჯარები, თორნიკე ერისთავის მეთაურობით.
ქართველები იყვნენ 12 ათასი; ბერძნებზედ არაფერია ნათქვამი. ბარდაველი სკლიაროსი აუჯანყდა საბერძნეთის მეფეს და მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ბერძნებმა მეფე დავით კურატ პალატს დახმარება სთხოვეს, როგორც ჯარით, აგრეთვე სარდლით.
საშველად 12-ათასი კაცი გაიგზავნა და, თანახმად თხოვნისა, თორნიკე ერისთავიც.
სკლიაროსმა ვერ გაბედა და გაშლილ ველზე ქართველთა და ბერძენთა შეერთებულ ჯარს არ შეებრძოლა, თუმცა რიცხვით მისი ჯარი მეტი იყო.
იგი დაბანაკდა და `ამაგრებს საფრებს~, `დახვდომა უნდა~. სხვა და სხვა ხერხით იგი ცდილობს თორნიკე თავის საფრებში შემოიტყუოს, მაგრამ თორნიკე ვერ მოატყუა, პირიქით თითონ მოსტყუვდა.
ცოტა არ იყოს, ბერძნები უკადრისობდნენ თორნიკეს უფროსობას და ამას არც მალავდნენ. თორნიკემ ისარგებლა ამ გარემოებით და რომ სკლიაროსი ველად გამოეტყუებინა, თითქოს უკმაყოფილომ ბერძნების სარდლების ამ ქცევით დასტოვა ბერძნების ჯარი და თითქოს საქართველოსკენ გაეშურა.
მოსტყუვდა სკლიაროსი, გამოვიდა საფრებიდან, შეუტია ბერძნებს, თითქოს მიტოვებულებს და დაამარცხა ისინი; დღესასწაულობს სკლიაროსი თავის გამარჯვებას, მაგრამ არ იცის რომ აქვე `სერზე~ დაბანაკებული თორნიკე სდგას და გარსშემოხვეულს სარდლებს სახვალიო ბრძოლისათვის ბრძანებას სცემს. ეს ბრძანება იმდენად მნიშვნელოვანია რომ იძულებული ვარ სრულად მოვიყვანო:
`შენგან დავიწყებ ჯერ, ჯავშანიძე,
ომის ველზე ხარ დაბერებული.
გამოცდილი ხარ და, რა თქმა უნდა,
ზომას დაიჭერს ეგ შენი გული.
შენებრ ჭაღარა ათასი კაცი
ამოირჩიე, შეკრიბე ჯარი,
მათ წინ წაუძეღ და საიდუმლოდ
მიდი აიღე მტრების საფარი!
და, როდესაც აქ ომი ატყდება,
თქვენ არ გექნებათ მონაწილეობა:
უჩინრად უნდა იმალებოდეთ.
არვინ გაბედოს მასზე ცილობა!
რაც უნდა მოხდეს აქ, თქვენ მაინც
ჩუმად იყავით… არვინ აჩქარდეს.
რომ სურვილისგან გატაცებულის
ერთი ისარიც არ გადმოვარდეს.
მხოლოდ, როდესაც უკუქცეული
ისევ მოძებნის საფარს მტრის ჯარი,
მოულოდნელად მაშინ იქ დახვდით
და გრგვინვით მეხად დაეცით ზარი!
შენვე გაგზავნე ჩუმად კაცები
ჰალისის პირად; თუ მოახერხონ,
რაც ხიდებია სუყველა ერთად
ქვეშიდან ისეთ გვარად დახერხონ,
რომ ზედ შემდგარი ლაშქრის სიმძიმე
მომეტებული ვერ აიტანონ,
ჩასტყდენ ჰალისის მდინარე წყალში
და მტრისა ჯარიც თან ჩაიტანონ!..
აწ, ორბელიძევ, შენ უნდა გითხრა,
მოწინავე ხარ რადგან სარდალი
და სუყოველთვის შენგან ატყდება
ომისა ცეცხლი და ბრძოლის ალი…
ოთხ-ათას კაცს, სულ ახალგაზრდებს,
თავგამეტებულს, წინ წაუძეხი;
გრიგალ ქარივით ჩამოუქროლე
და შენებურად დაეცი მეხი!..
მემარჯვენე სარდლად გამრეკელია,
მემარცხნედ ლომკაც სავარსამიძე,
თითოს სამ-სამ-ათასი კაცი
ახლავთ, არიან ომის სიმტკიცე.
და დანარჩენი ათასი კაცი
აქვე დარჩება ჩემთანა მხლებლად;
ჯოჯიკი არის მათი უფროსი,
გაჭირვების დროს მოსაშველებლად
მეტს არას გეტყვით! რა საჭიროა
მომეტებული სიტყვა და რჩევა?
აწ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი
და მაღლით ღმერთმა მოგცეთ კურთხევა!~
სამხედრო ხელოვნება გამომხატველია ერის სახელმწიფოებრიობის, მისი განათლების და საერთოდ მისი ცხოვრების ყოველივე დარგისა.
ერის აყვავება, თუ დაცემა ომში გამოჩნდება. აქ გამოაშკარავდება ერის ღირსება და მისი ნაკლი. ჯარში, მხედრებში ყოველივე ისე სჩანს, როგორც სარკეში.
ბრძანების თანახმად, ჯავშანიძეს, თვითონ `ველზედ დაბერებულს~ ათასი კაცით, მასავით `ჭაღარა~ მეომრებს, ევალება აიღოს მტრის საფარი და ქვეშიდან დახერხოს ხიდების ბოძები, ესე იგი განზრახული აქვს მტერს შეუკრას დასახევი გზა; აქედან სჩანს_თორნიკე ერისთავს მიზნადა აქვს არა მხოლოდ მტრის დამარცხება, არამედ მთლად მისი გაწყვეტა, ესე იგი ის ისახავს ბრძოლის სწორ და ნამდვილ მიზანს. უნდა მოგახსენოთ, რომ გერმანელები თავიანთ სტრატეგიასა და ტაქტიკას მიზნად მტრის გაწყვეტას უსახავდნენ; როგორც მაგალითს იღებდნენ კანის ბრძოლას, სადაც ჰანიბგალმა გასწყვიტა რომაელების თითქმის მთელი ჯარი (90 პროც.) რა ხერხს ხმარობს ამისათვის თორნიკე?
მტერმა დასტოვა თავის საფარი და თუ დამარცხდა ცხადია ისევ მას მიაშურებს, ამიტომაც თორნიკე ჯავშანიძეს ამ საფრის აღებას ავალებს და უბრძანებს იქ ჩუმად იჯდეს, ვიდრე დამარცხებული მტერი საფარს არ მიადგება. ცხადია, თუ მტერი არ დამარცხდა, ეს ათასი ქართველი გაწყვეტილი იქნებოდა. მაგრამ თორნიკე ერისთავმა იცის და სკლიაროსიც დარწმუნებულია, რომ გაშლილ მინდორზედ ქართველი ჯარი უსათუოდ გაიმარჯვებს.
ბრძოლისათვის თვალის დევნება და ლოდინი იმისა, თუ როდის მოვა შენი ჯერი ძალიან ძნელია. კაცი უნდა იყოს მეტად გამოცდილი, მთლად აღჭურვილი ნდობით თავის ძალღონის მიმართ. ამიტომ იყო, რომ რომაელები მე-3 რიგში აყენებდნენ ყველაზე უფრო გამოცდილებს, ეგრედ წოდებულ `ტრიარებს~. ცნობილია ის სიტყვები, რომლითაც სურდათ ბრძოლის სიძნელე გამოეხატნათ: `ბრძოლაში მონაწილეობა ტრიარებმაც მიიღესო~,
თორნიკეს ეს ბრძანება შესანიშნავია, რადგან ამ ძნელ დავალებას იგი ჭაღარა მეომრებს ანდობს და არა ახალგაზრდებს. მოყვანილი ბრძანების თანახმად ჯარი ასეა დაყოფილი: ათასი კაცი იგზავნება მრტის სანგრების ასაღებად, ორბელიძე ოთხი ათასი მეომრით შეადგენს წყების შუაგულს, გამრეკელი 3 ათასით მარჯვენა ფრთას, ლომკაც სავარსამიძე აგრეთვე 3 ათასით მარცხენას, მხოლოდ ჯოჯიკი ათასი კაცით მაშველში რჩება მთავარი სარდლის განკარგულებაში. შესანიშნავია აგრეთვე ჯარის ამისთანა დანაწილება.
ჯერ ერთი მთელი ჯარი დაყოფილია ნაწილნაწილად და ყველა აქვს თავისი მიზანი; ორბელიძე (შუაგული) უტევს მტერს პირველი. მემარჯვენე და მემარცხენე `არიან ომის სიმტკიცე~. მაშ მთავარი შეტევა ევალება შუაგულს და შველებითი შეტევა _ ფრთებს. მემარცხენე ფრთა მოფარულია ჰალისით ესე იგი უზრუნველყოფილია მდინარით. აქ ინიშნება `ლომკაც სავარსამიძე~, მემარჯვენე ფრთა-კი ენდობა გამრეკელს `შავი კლდის მელას და მიწის მგელს~ როგორც უფრო ნიჭიერს, რადგან ხიფათი ამ მხრიდან უფრო მოსალოდნელია. უნდა მოგახსენოთ, ეხლა ყველას აქვს შესწავლილი სამხედრო ხელოვნება, რომ ჯარის დაყოფა ნაწილნაწილად კერძო მიზნების მიხედვით ჩვეულებრივია მაგრამ უწინ ეს ასე არ იყო, ამას ასრულებდენ მხოლოდ უდიდესი მეთაურნი. ახალ ხანაში კი ეს წესი განაახლა მხოლოდ ბონაპარტმა. მანამდე ეს კარგად იყო დავიწყებული და ბრძოლაში ჯარები ერთმანეთს ზღუდეებივით ეჯახებოდნენ. მთელ ჯარს ჰქონდა ერთი და იგივე მიზანი: პირდაპირი შეტევა. ამიტომაც ჯარებსაც აწყობდნენ არა განაწილებულად, არამედ მთლიან მწკრივიან წყებად.
ჯოჯიკის ერთი ათასი რჩება თორნიკესთან `გაჭივრების დროს მისაშველებლად~. შესანიშნავია ესეც: მაშველი რჩება ერთი მეათედი ან მეთორმეტედი მთელი ძალებისა. გაგიკვირდებათ, თუ მოგაგონებთ, რომ იაპონელები თავის ბრძოლებში რუსების წინააღმდეგ მაშველში სტოვებდნენ მეათედ-მეთორმეტედს თავის ძალებისას და იმასაც ხმარობდნენ მხოლოდ გასაჭირის დროს. ყველაფერი აწონილია ბრძოლის წინ, ჯარი ნაწილდება კერძო მიზნების მიხედვით და ამ კერძო მიზნების შეთანხმებით სარდალი აღწევს თავის მთავარ მიზანს. მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ თორნიკე ერისთავის მთავარი მიზანია მტერს გარს შემოერტყას და ის ამოსწყვიტოს, ამის მისაღწევად აძლევს კერძო დავალებებს ორბელიძეს, სავარსამიძეს, ჯავშანიძეს და ჯოჯიკს ცალ-ცალკედ.
განვიხილოთ ეხლა ბრძოლის მსვლელობა.
გათენებისას ბრძოლა ისრების სროლით დაიწყო, შემდეგ როდესაც დაჰკრეს მზის სხივებმა, ორბელიძემ იშიშვლა ხმალი და თავისი ჯარით მტრისაკენ გაექანა.
რას უცდიდა ორბელიძე და რატომ მზის ამოსვლამდე არ შეუტია მტერს? მან იცოდა, რომ მზე მტერს პირდაპირ დაჰკრავდა თვალებში, მისი ჯარი მოპირდაპირეს აღმოსავლეთიდგან დასცქეროდა და ამიტომ მან თავისი მეომრებისათვის შეჰქმნა ხელსაყრელი პირობები. ეს ერთი, მეორე კი ის რომ შეტევა შეასრულა ცხენების ჭენებით და არა ცხენთა სირბილით, სწორედ ასე უნდა მოიქცეს მუდამ ცხენოსანი ჯარი, თანახმად სამხედრო მეცნიერებისა. ეს უცნობი იყო თვით რომაელებისთვისაც კი, რომელთა ცხენოსანი ჯარი ცხენ-და-ცხენ მხოლოდ ლაშქრობდა, ბრძოლისათვის კი ქვეითდებოდა. რაც შეეხება ჭენებას, ნაპოლეონის დროსაც ცხენოსანი ჯარი შეტევისათვის მიმართავდა სირბილს და არა ჭენებას. ზემო ნათქვამიდან მოსჩანს იმის ნიშნები თუ რა მაღალ დონეზედ იდგა ჩვენში მაშინ სამხედრო ხელოვნება.
სძლია ორბელიძემ და დევნის დროს საფრთხეში ჩავარდა, დაბლობში მას მტრის შემოეხვია.. მოჰკლეს ორბელიძე და მისი ბედაური დაბლობიდან მინდვრად გამოვარდა, იცნო თორნიკემ ეს ბედაური, მაშინვე მიხვდა, რომ ორბელიძის ჯარი გასაჭირშია და თავისი უკანასკნელი ჯარი, თავის მაშველი ძალა სწორედ ამ გასაჭირის დროს მოიხმარა და ჯოჯიკი შეაშველა. ეხლა სკლიაროსის ჯარი ჩავარდა გასაჭირში. სკლიაროსმა უპასუხა იმით, რომ თარონელებს (თავის ორივე მხარეს) უბრძანა ეშველნათ შუაგულისათვის ესე იგი სკლიაროსი ხსნის ბრძოლის წყებიდან თავის ჯარებს, რასაც მალე მოჰყვა თავისი შედეგი. გამრეკელი `ეს შავი კლდის მელა და მიწის მგელი~ მტერს კვალში სდევნის, შეატყობინა სავარსამიძეს და იმასთან ერთად მოამწყვდია ალყაში სკლიაროსის მთელი ჯარი.
დაიწყო ხოცვა.
ჩვენ აქ ვხედავთ ბრძოლის წარმოებას ორივე მხრივ: სკლიაროსი ხმარობს თავის მთავარ ხერხს, თავის მაშველს მხოლოდ ქართველების შუაგულის (ორბელიძეს) წინააღმდეგ გზავნის და როცა ამის საპასუხოდ ბრძოლაში ჯოჯიკი ერევა, თორნიკეს მაშველი, სკლიაროსს ჯარები აღარ რჩება და იგი იძულებულია მოხსნას მარჯვენა და მარცხენა ფრთიდან მებრძოლნი შუაგულის საშველად. ამით სარგებლობენ ქართველები.
გამრეკელი იჩენს თაოსნობას და სავარსამიძესთან ერთად მტრისაკენ მიეშურება და მას დაბლობში შემოიმწყვდევს. მტერი გასაჭირში ჩავარდა. თორნიკეს განზრახული ჰქონდა მტრის გაწყვეტა: მაგრამ მტერი განაგრძობდა ბრძოლას, ვინაიდან მომწყვდეული იყო და სხვა გამოსავალი არა ჰქონდა. ხოცავდნენ მტრებს მაგრამ იხოცებოდნენ ქართველებიც.
ამ დროს ერევა ბრძოლაში თვით მთავარ სარდალი თორნიკე ერისთავი და უკანასკნელ ბრძანებას სცემს:
`გზას ნუ შეუკრავთ გაჭირვებულებს,
დეე, გაიქცნენ, მიეცით ნება.~
მართლაც გაუხსნეს გზა დასავლეთისაკენ.
მტერი გაეშურა ტავის საფრებისაკენ. რასაკვირველია ამ ბრძანებით თორნიკემ თავის ჯარს მტრის ხოცვა გაუადვილა. გარდა ამისა ისიც იცოდა, რომ მტერს საფრებში ჯავშანიძე დაუხვდებოდა, ასეც მოხდა.
როდესაც სკლიაროსის ჯარმა ნახა, რომ საფარი ქართველების ხელშია `დაჰყარა იქვე ფარ ხმალი~ და `მიაშურა ჰალის მდინარეს~ ხიდი ჩაუტყდათ და `გადარჩა მხოლოდ თვით სკლიაროსი მცირე მხედრობით~ მაშასადამე ბრძოლა გათავდა არა მხოლოდ გამარჯვებით, არამედ, მტრის გაწყვეტით.
ჩვენ რომ შევადაროთ პუშკინის პოემა `პოლტავა~ `თორნიკე ერისთავს~, უნდა ვსთქვათ, რომ პოლტავას ბრძოლის აღწერა არ იძლევა ბრძოლის წარმოდგენას, იქ ვერ იპოვით ვერც გეგმას ვერც ბრძოლის მსვლელობას, ესე იგი იქ სინამდვილე მთლად იკარგება და თვალ წინ რჩება მხოლოდ ცალ-ცალკე სურათები, როგორც მაგალითად მგოსნური აღწერა პეტრე დიდის მონაწილეობისა ბრძოლაში, კარლოს მე-12-სა და სხვა. რაც შეეხება `თორნიკე ერისთავს~, აქ მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს არა მხოლოდ ცალ-ცალკე სურათები არამედ ბრძოლის საერთო გეგმაცა და მისი მსვლელობაც.
`თორნიკე ერისთავში~ ისეთის სინამდვილით არის აღწერილი ეს ბრძოლა, რომ ავტორი უსათუოდ ემყარება ამ ბრძოლის რომელსამე ისტორიულ აღწერას.
როგორც მოგახსენეთ, ამ პოეტურ აღწერაში სჩანს თორნიკეს საერთო გეგმა, მისი სამხედრო ხერხები, აგრეთვე ხერხები ორბელიძისა და გამრეკელისა; აქ სჩანს ბრძოლის მართვაც. ეს ბრძოლა წარმოგვიდგება არა როგორც მარტივი დარტყმა, არამედ როგორც თანამედროვე ბრძოლა და ისიც მოწყობილი და გამართული ისე, როგორც ამას აწარმოებდნენ უდიდესი მეთაურნი, როგორც მაგალითად ჰანიბალი, იულიონ კეისარი და ნაპოლეონი.

пятница, 1 ноября 2019 г.

რთული მშობლები

 
რთული ბავშვის ცნება ყოველთვის არსებობდა, არსებობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც იარსებებს. პედაგოგები, მშობლები, ბავშვთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანები ხშირად საუბრობენ რთული, პრობლემური ბავშვების შესახებ. თუმცა იშვიათად, რომ რთული მშობლების საკითხს შეეხოს ვინმე. და ეს მაშინ, როდესაც ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების უდიდესი წილი სწორედ რთული მშობლებისგან მომდინარეობს.
როგორი მშობლები შეიძლება გავაერთიანოთ რთული მშობლების კატეგორიაში?
  • „გულუხვი“ მშობლები. „ჩემს შვილს არაფერი არ უნდა აკლდეს“ – ასეთია მათი დევიზი. საინტერესოა, რომ მათ შორის არიან არა მხოლოდ შეძლებული ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც შემოსავლით არ გამოირჩევა. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს სასურველი, განურჩევლად იმისა, სჭირდება თუ არა. ასეთი მშობლები „სიყვარულის“ ცნებას „ყიდვის“ ცნებით ანაცვლებენ. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მეტი ყურადღება მიაქციონ, მეტი დრო გამონახონ მასთან ურთიერთობისათვის, გამოხატონ მის მიმართ სიყვარული, სითბო, არ მოაკლონ ალერსი, ისინი ყიდულობენ ძვირფას ნივთებს და ძვირად ღირებულ სათამაშოებს. არაცნობიერად – და ხშირად ცნობიერადაც – ასეთი მშობლები თავიანთ საქციელს იმით ხსნიან, რომ ბავშვი თავს შეიქცევს ამ სათამაშოთი და უფროსებს მუშაობასა და დასვენებაში ხელს არ შეუშლის. ისინი ძიძასაც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ – მას აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონდეს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და კარგად აღზარდოს ის. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათ შვილს უნდა ჰყავდეს საუკეთესო რეპეტიტორი, ტრენერი, ფსიქოლოგი და ექიმი. როცა ყველა აღნიშნულ საკითხს მოაგვარებენ, ისინი მშვიდად აგრძელებენ ფულის გამომუშავებას – ბავშვი ხომ იზრდება და მისი მოთხოვნილებებიც, ბუნებრივია, გაიზრდება; მომავალში მას დასჭირდება საუკეთესო, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, მანქანა, ბინა და უამრავი სხვა რამ ბედნიერი ცხოვრებისთვის. და თუ ვინმე შეეცდება, „გონს მოიყვანოს“ ასეთი მშობელი, პასუხად მიიღებს: „შეუძლებელია ხელმოკლე ადამიანი ბედნიერი იყოს“. თუმცა, ბავშვისთვის „ბედნიერი ცხოვრების“ შექმნის პროცესში მათ განზე რჩებათ მისი პიროვნების ფორმირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სითბო, სიყვარული, მშობლეთან ურთიერთობით განცდილი სიხარული. წლების წინ ერთმა მეშვიდეკლასელმა გოგონამ, რომელსაც მშობლები ძვირად ღირებული ნივთებით ანებივრებდნენ, სინანულით თქვა: „მე რომ დედა ვიყო, ჩემს შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“. გოგონას დედას ძალიან აწუხებდა შვილის ქცევა – აგრესია და უხეშობა არა მხოლოდ გარეშე ადამიანების, არამედ საკუთარი დედის მიმართაც. „ვერ გამიგია რა ემართება ამ ბავშვს, არაფერს ვაკლებ, ყველაფერი აქვს, რაზეც მისი თანატოლები ოცნებობენ, რატომ არის ასეთი უხეში და უმადური?“ – გაოცებას ვერ მალავდა დედა. ბავშვს მართლაც ყველაფერი ჰქონდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სჭირდებოდა, მაგრამ აკლდა მთავარი – მშობლებთან ურთიერთობა, მათი ყურადღება. მუდმივად საკუთარი თავით, საკუთარი საქმეებით დაკავებულობის გამო ისინი ვერასოდეს იცლიდნენ შვილთან ურთიერთობისთვის, მასთან საუბრისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა – ბავშვი გახდა მოჩხუბარი, აგრესიული, უხეში და „რთული“.
  • „მშფოთვარე“ მშობლები – ასეთი მშობლებისთვის ბავშვთან დაკავშირებული ყოველი აზრი განმსჭვალულია შიშით და განგაშით – „ის შეიძლება გაცივდეს, ის შეიძლება წაიქცეს და რაიმე იტკინოს , შეიძლება რამემ ან ვინმემ შეაშინოს“ – და ა.შ. ერთი შეხედვით, უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი მშობლების შვილები მართლაც სხვებზე ხშირად ცივდებიან, მუდმივად ეშინიათ სიბნელის, ექიმების, ცხოველების და ა.შ. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, არაფერია გასაკვირი, რადგან დედის შიში და შფოთვა ადვილად გადაეცემა შვილს. „მშფოთვარე“ მშობელი ყველაფერს შვილის მაგივრად აკეთებს. ბავშვი შესაძლოა ერთხანს პროტესტს გამოხატავდეს დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევა და საბოლოოდ შესაძლოა სიამოვნებდეს კიდეც, რომ მის პრობლემებს მშობლები აგვარებენ. შესაძლოა, სწორედ ასეთი მშობლების წყალობით დამკვიდრდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „დედიკოს ბიჭი“, „მამიკოს გოგო“.
  • „დაღლილი“ მშობლები – ამ ტიპის მშობლები ოჯახური ცხოვრებით ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იღლებიან. ხშირად მათი დაღლილობის მიზეზია ქორწინებამდე ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული მოლოდინების რეალობასთან შეუთავსებლობა, ოჯახური ცხოვრებით განხიბვლა „მკაცრ და რთულ ყოველდღიურ ცხოვრებასთან“ შეჯახების შემდეგ, ინტერესის დაკარგვა ცოლქმრული ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდის მიმართ. ასეთი მშობლები შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობისას ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ნუ დარბიხარ!“; „ყველგან ნუ მიძვრები!“; „როგორ დამღალე!“; „როგორ მომაბეზრე თავი!“; „ახლა დაგსჯი!“ გვახსოვდეს, რომ ყველაზე მტკივნეული ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც უყურადღებობაა, მეტადრე – საყვარელი ადამიანების უყურადღებობა. გარშემო მყოფთა ყურადღება რომ დაიმსახუროს, ბავშვი ყველაფრისთვის მზად არის. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება, თუნდაც ჩხუბი და დასჯა. ადამიანს ყველაზე მეტად გულგრილობის ატანა უჭირს. მას ურჩევნია, ეჩხუბებოდნენ, საყვედურობდნენ, კიცხავდნენ, ვიდრე არაფრად აგდებდნენ. ამიტომ, როცა ბავშვი მშობლების უყურადღებობას, გულგრილობას აწყდება, ხშირად ცუდად იქცევა – მან ჯერ არ იცის, სხვაგვარად როგორ შეიძლება მშობლების ყურადღების მიპყრობა.
  • „პერფექციონისტი“ მშობლები. „შენ საუკეთესო უნდა იყო! – აი, მათი დევიზი შვილთან ურთიერთობისას. ასეთ მშობლებს, როგორც წესი, აქვთ ორი უმაღლესი განათლება, მუდმივად ოცნებობენ დისერტაციის დაცვასა და პრესტიჟულ სამსახურზე. მათ ბავშვი შეჰყავთ „ყველაზე პრესტიჟულ“ საბავშვო ბაღში, სადაც პატარები გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურს – და არამხოლოდ მას. მზად არიან, პრესტიჟულ სკოლაში მოსახვედრად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ატარონ შვილი, არც რეპეტიტორების დაქირავებაზე იტყვიან უარს, რათა მათი შვილის ცოდნის დონე სკოლის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. „პერფექციონისტი“ მშობლების აზრით მათი შვილი მხოლოდ უმაღლეს შეფასებას უნდა იმსახურებდეს. სასკოლო პროგრამაც „ვუნდერკინდს“ უნდა ზრდიდეს. ასეთი მშობლები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც, მათი აზრით, არ სურთ გაგებით მოეკიდონ მათი შვილის თავისებურებებს. აცხადებენ, რომ ისინი განგებ ტვირთავენ ბავშვს სრულიად „უსარგებლო და პრიმიტიული“ საგნებით, რომლებიც მას ბევრ დროს ართმევს, ხელს უშლის წარმატებაში და აქვეითებს მისი აკადემიური მოსწრების საერთო მაჩვენებელს.
  • „ხელმოცარული“ მშობლები. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთი მშობლები, ერთი შეხედვით, ბევრს აღწევენ, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მათ ქცევაში აშკარად დავინახავთ რომელიმე აუხდენელი ოცნების კვალს. პროფესიული სპორტი, დიდი სცენა, პოდიუმი, სამხატვრო ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – ყველაფერ ამის მიუღწევლობა მოსვენებას უკარგავს ამბიციურ მშობელს. ოდესღაც სიზარმაცემ, არამოტივირებულობამ, საჭირო მხარდაჭერის უქონლობამ სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზებთან ერთად არ მისცა მას ოცნებების ახდენის საშუალება. სამაგიეროდ, ცდილობენ, მათ შვილებში შეასხან ხორცი. არ აინტერესებთ, უნდა თუ არა ბავშვს იმის კეთება, რასაც მისგან მოითხოვენ – დაჰყავთ მუსიკაზე, სპორტზე, გაძლიერებულად ასწავლიან ცალკეულ საგნებს… ეს მაშინ, როცა ბავშვს შესაძლოა არც ინტერესი ჰქონდეს და არც შესაძლებლობა იმის გასაკეთებლად, რასაც მისგან ასე დაჟინებით მოითხოვენ. მშობლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვს ხშირად უწევს უარის თქმა თავის გატაცებებზე, გართობაზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე. ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მივიღოთ შედეგად – ნერვული სისტემის გამოფიტვა, ნევროზი, ფსიქოსომატური დაავადებები.
  • „მანიპულატორი“ მშობლები. ასეთი მშობლებისთვის ბავშვი გარშემო მყოფებზე – მეუღლეზე, მშობლებზე, ნათესავებზე – ზემოქმედების იარაღია: „ეს მე კი არ მჭირდება, ბავშვისთვისაა საჭირო“. ამასთან, რაც უფრო უსუსურია ბავშვი, ოჯახის სხვა წევრებზე ზემოქმედების მით მეტი შესაძლებლობა აქვს მშობელს. ხანდახან მშობლები ამ გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ დესტრუქციული ოჯახი. ბუნებრივია, როცა ბავშვი დაბადებიდანვე იმყოფება ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები აქვთ, იზრდება გარემოში, სადაც არავითარი ფსიქოლოგიური კომფორტი არ არის, ის ცნობიერად თუ არაცნობიერად გაურბის რეალობას. ცუდად სწავლობს ან საერთოდ თავს ანებებს სწავლას, უჩნდება მიდრეკილება ასოციალური ქცევისკენ, ურთულდება გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. მშობლები შეწუხებულები შესჩივიან გარშემო მყოფებს: „ნეტავი ვის დაემსგავსა, საოცრად რთული და აუტანელი ბავშვია!“ – და არც ერთ მათგანს არ მოსიდის აზრად, რომ ბავშვი კი არა, თვითონაა პრობლემური.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულ ბავშვებზე საუბრისას და მათი ქცევის მიზეზების ძიებისას კარგი იქნება, თუ შევისწავლით მშობლის ბავშვთან დამოკიდებულების თავისებურებებს, მისი აღზრდის სტილს და საჭიროების შემთხვევაში, უპირველესად, მას გავუწევთ დახმარებას, ვინაიდან რთული ბავშვის ქცევა, როგორც წესი, რთული მშობლის ქცევის უშუალო შედეგია.

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი