მოგესალმებით!

суббота, 27 января 2018 г.

გრიგოლ ხანძთელის მისია


                   ვისაც ჰქონია ბედნიერება ემოგზაურა თურქეთში და ყოფილ სამხრეთ საქართველოს გულის ტაო-კლარჯეთის ''წმინდაი და დიდი უდაბნოს'' მონახულება სდომებია,აუცილებლად უნდა გაევლო საინტერესო,ლამაზი და ქართული დასახელების სოფლები: ვაჩეკარი,კლდეკარი,წიფლისკარი,ჭისკარი,ბჭისკარი,ბჭებერდი.
      ისტორიაში არაფერი ხდება შემთხვევით.ყველა ფაქტს შინაგანი კანონზომიერება აქვს.არც სიტყვებს აქვთ უაზრო მნიშვნელობები ქართულში.კარიბჭე რაღაც დაფარულის,უხილავის შეხსნასა და განცხადებას გულისხმობს.
      ყური მიუგდოთ საბას: ''ბჭე-ესე არს სახელად და ტაძართა შესავალი,ხოლო კარი გასაღები და მისაგდებელი.''
      კარიბჭე გვამცნობს ვის საუფლოს მივადგეთ,რა საიდუმლო გავშიფროთ.ამჟამად, სწორედ კარისბჭის შეღება გვჭირდება,რათა ჩავწვდეთ ამ თითქოს და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სიტყვებს,რომლებმაც ადამიანის დანიშნულება უნდა განსაზღვრონ. ჩვენი მეწინავე  თემა ძველი ქართული ლიტერატურა იქნება- ყოველი სიტყვის დაფარულის ამომცნობი.ხოლო კარიბჭეს შეგვიხსნის ამ ჯადოსნური სამყაროს საიმედო მეგზური თავად ''წმინდაი და უდაბნოს მშენებელი,სპეტაკი,უღალატო,უკომპრომისო ,მტრებთან ქედუხრელი,ღვთისრჩეული გრიგოლ ხანძთელი.უფრო მეტიც,ჩემი მოსწავლეები ამ კარიბჭესთან დაინახავენ ისეთ პლასტიკურ ხატებს,სამუდამოდ,რომ აღებეჭდებათ თვალსა და გულში,უფრორე- სულში.აქ მოისმენენ ისინი საოცარ მეტყველებას,აქ შეიცნობენ ადამიანის დანიშნულებას.აქვე იგრძნობენ სულისუღრმესი ხვეულებიდან ამოტანილ ღაღადისს:''ჟამი რაი წულილთა და ხმელთა აღმოვშვინვათაი წარმოდგეს,ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს,ბუებანი უქმ იქმნენ,ყვავილოვნებაი დაჭნეს,სხვამან მიიღოს სკიპტრად,სხვასა შეუდგნენ სპანი-მაშინ შემიწყალე უფალო ჩემო!''.
     დაინახავენ,იგრძნობენ,მოისმენენ,დატკბებიან გრიგოლის სიახლოვით,რომელიც კათარზისდარ შედეგს იძლევა,რადგან მასთან მიახლება უკვე აღიარებას,კაცობის ემბაზში განბანვასა და გაკეთილშობილებას გულისხმობს.
     ნეტარი გრიგოლი რთულ და უკიდეგანო ლიტერატურის სამყაროში ძნელად შესახსნელ კარიბჭეს გვიხსნის და თვალწინ გვეშლება ქვეყანა,მოცემული ''უთვალავი ფერითა''...
              ძალიან უჭირს იმ დროინდელ საქართველოს.იმ ხანად ქრისტიანობას წარმართობა ბოლომდე დამარცხებული არ ჰქონდა,როცა ახალი უბედურება დაატყდა თავს-მაჰმადიანი არაბები შემოესივნენ ქართლს და მათმა რელიგიამ გაუმართა ჩვენში ქრისტიანობას თავგამეტებული ბრძოლა,ხოდა რომ არ დარღვეულიყო ქვეყნისა და ქართველი კაცის სულის ერთიანობა,რომ არ გაჩენილიყო ქართველებში წარმართობასა და ქრისტიანობას შორის,მაჰმადიანობასა და ქრისტიანობას შორის მერყეობა,ამისათვის ამოარჩია ღმერთმა ზნეობრივი გმირი.მისი მოვალეობა იყო სრულად დახარჯვა შინაგანი ძალებისა ქვეყნისათვის.''რასაცა გასცემ შენია,რაც არა დაკარგულია.''ზეგარდმო ნიჭი სრულად უნდა გაამრავლოს და ყოვლის გაცემით მისია აღასრულოს.
    გზა უდაბნოსაკენ- აი ის რთული გზა,რომელიც უნდა გაიაროს ყველა წეშმარიტმა რჩეულმა.
    უდაბნო ბიბლიური სახისმეტყველებით,ადამიანის განმარტოების ყველაზე შესაფერისი ადგილია;მაგრამ უდაბნოში მარტოობა უქმად  ყოფნას არ ნიშნავს,არამედ განვითარების მაღალი საფეხურისათვის მომზადებას,სულიერ წვრთნას გულისხმობს.
    სხათაშორის,შუასაუკუნეებში მიჯნურიც განმარტოებას ელტვოდნენ.გავიხსენოთ''ვეფხისტყაოსნის''გმირები.მათი რწმენით,''რა მიჯნური ველთა რბოდეს,მარტო უნდა გასაწრელად.მიჯნურნიც თვითშემეცნების გზას ადგანან.
    გრიგოლ ხანძთელი ამ დიდი მისიისათვის თითქოს თავიდანვეა ნიშნდებული.იგი''საშოითგანვე დედისაითაი შეწირულ იყო ღვთისა,დედისაგან თვისა.''ბავშვობიდანვე გაურბოდა ბევრ ჭამას,თამაშს,ამქვეყნიურ დიდებას.ხორციელ დიდებას მიიჩნევდა სამღვდელოების საქმეთა აღსრულებად,ამიტომაც მარტოობა სწადდა,მაგრამ ზებუნებრივმა ძალამ ჭეშმარიტების გზაზე მიმავალს სწორი მიმართულება დაუსახა. ხანძთას დაყუდებულ ბერ-ხუედიოსს,საოცარი ხილვა ჰქონდა.სადაც ახლა ხანძთის დიდებული მონასტერია,ნათელი ღრუბლით გამოსახული ეკლესიის ხატება იდგა დიდხანს,დიდძალ სურნელებასაც გადმოსცემდა.სასწაულებრივი ხილვა იმით დაგვირგვინდა,რომ ხუედიოსს ესმა მაღლით:'' ვითარმედ აღეშენოს წმინდაი ეკლესიაი ადგილსა ამასა,ხელთა გრიგოლ მღვდლისა,კაცისა ღმერთისათა."ამან საბოლოოდ განსაზღვრა მისი გზა და მიაგნო თავის მოწოდებას:მან ეკლესია-მონასტრების შენებას უნდა მიჰყოს ხელი და უწინამძღვროს ამ მონასტრებში დაარსებულ ძმობას.ამიერიდან ას დადგება მსახურების მისთვის განკუთვნილ,მისთვის შესაფერის გზას!!!
      ძმობის წინამძღვარს ევალება განათლება,პირადი ღირსებები და შინაგანი საუნჯე.ეს იცის მან და ზედმიწევნით სწავლობს ძველი და ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებს.შეითვისა მოძღვართაგან წარმოთქმული მრავალი''დაუბეჭდელი''წიგნი,''ხმით სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი'',გალობა და სხვ. იგი არ დასჯერდა სასულიერო ცოდნას და იმას რაც სობლიურ ენაზე მოიპოვებოდა და დაეწაფა მწიგნობრობას''მრავალ ენათა'',''ჯირკუალი'' განაგდო და კეთილი შეიწყნარა.''
      წმ.გრიგოლის სამოღვაწეო პრინციპი ასეთი იყო.მოძღვარი თავად უნდა ყოფილიყო სახე,მაგალითი ძმობის წევრთათვის და სრულიად ქვეყნისთვის.მისი დიდი მიზანი და მრწამსი იყო ასევე სიმკაცრე და უკომპრომისობა ძმობის წევრების შრჩევისა და საერო წოდებათა ურთიერთობის დროს.
      ამ ურთულეს გზაზე მოსიარულეს არ დავიწყებია''გლახაკნი ამა სოფლისანი'',ყოველმხრივ გვერდში ედგა გაჭირვებულებს.მხარში ედგა ,ასევე საერო თუ სასულიერო წოდების წარმომადგენლებს.
     აღსანიშნავია ასევე, უსათუთესი დამოკიდებულება გრიგოლისი- მოხუცებული დედის მიმართ.
     ნიშანდობლივია,უსაზღვრო და მიუკერძოებული ურთიერთობა მაფესთან,დიდგვაროვან აზნაურ გაბრიელ დაფანჩულთან,აფხაზეთის მეფე დემეტრესთან,აშოტ კურაპალატთან და მის შვილებთან,თანამოძმეებთან და ფეოდალებთან.
     მას ბუნებრივად მიაჩნდა ერისკაცთა  და ეკლესიის მსახურთა ურთიერთთანამშრომლობა,მაგრამ როგორც კი ერისკაცები არღვევდნენ ქრისტიანული ზნეობის ნორმებს,თავის პირდაპირ მოვალეობად თვლიდა, ჩარეოდა მათ საქმეებში იმ მოტივით,რომ ეხსნა ისინი ზნეობრივი გადაგვარების საფრთხისაგან.ამ მოტივით არ შეიწყალა არც აშოტი,არც ადარნასე,არც აშოტის სატრფო,არც ფებრონიას შუამდგომლობამ უშველა ადარნასეს რჩეულ ქალს.
   გრიგოლმა განსწავლა და აღზარდა ქართული სულიერი კულტურის  მსახურთა მთელი თაობა.მისმა მოწაფეებმა განაშენეს და ააყვავეს მურვან ყრუსაგან აოხრებული ტაო-კლარჯეთის მხარე.ამ ტრადიციებმა , შემდგომში სხვა ქართულ სავანეებშიც იჩინა თავი და საფუძველი გახდა პეტრიწონის,ათონის ,ივერონის სალიტერატურო სკოლის დაარსებისა.
    მისი ღვაწლი ამით არ ამოიწურა.იგი კურაპალატთან ერთად,ერთ-ერთი მოთავეა არმოსავლეთ ქართლის გაერთიანებისა.
    ტაოში გაისმა პირველად ერის მთლიანობის გამომხატველი ლოზუნგი:''ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების,რომელსაცა შინა  ქართულითა ენით ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.''ასე გადაიქცა გრიგოლი უდაბნოს მოძღვრიდან,ერის წინამძღვრად!
    ხანგრძლივი ცხოვრება და უაღრესად ნაყოფიერი მოღვაწეობა იმ ქვეყნად მიცვალებაშიც გარდაისახა.აღსასრულის მოახლოება რომ იგრძნო,უფალს ლოცვით მიმართა,შეავედრა საწყმსო და ვალმოხდილმა შეჰღაღადა:''და აწ ჩემ მიერ აღორძინენ ნებამყოფელნი შენნი,ქრისტე,რამეთუ ტალანტი სიბრძნისაი,რომელ სიყრმით ჩემითგან მომეც,განვამრავლე იგი,ვითარცა მონამან საწუთრომან მორწმუნეთა შორის.''
    ტალანტის გამრავლებით,დაუვსებელი სანთლით გაასხივოსნა ხათძთა,შატბერდი,უბისა,გუნათლე,მერე,იშხანი,მიძნაძორი,წყაროსთავი,ნეძვი,კვირიკეთი და დღესაც ''ხმაი და ოხრით საყვირისაი''კვლავაც აღატკინებს და განაბრწყინებს არა მარტო იმ ასდგილებს,არამედ მომავალ თაობებსაც,რომელთაც შეუძლიათ მოკრძალებით მიმართონ უკვდავ მეგზურს;;'არა მოაკლდება მთავრობაი შვილთა შენსა და ნათესავთა მათთა   უკუნისამდეო!!!''


Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი