მოგესალმებით!

понедельник, 20 августа 2018 г.

გალაკტიონი

გალაკტიონ ტაბიძე ტერენტი გრანელის შემოქმედებაში 


   კკკკკკკ   მე-20 საუკუნის დამდეგს მწერალთა და პოეტთა შორის ამობრწყინდა ქართული პოეზიის მოვლენა, განუმეორებელი რითმის, მეტაფორის, გრძნობის, ემოციის მქონე პოეტი – გალაკტიონ ტაბიძე. მისმა სიდიადემ ერთგვარად დაჩრდილა კიდეც მე-20 საუკუნის პოეზიის ასპარეზზე გამოსული შემოქმედები, მაგრამ ყოველმა მათგანმა იპოვა საკუთარი შემოქმედების განვითარების გზა. ცხადია ისიც, რომ არავინ ჰგავდა და ვერავინ ჰგავდა გალაკტიონს. რთული იყო ავტორს თავი დაეღწია მისი შემოქმედების გავლენისაგან, ცხადად, თუ მალვით ეხვეოდნენ გალაკტიონის შემოქმედების ლაბირინთებში და საკუთარ პოეზიაში პირდაპირ, თუ ირიბად აქსოვდნენ გალაკტიონის ლექსის ჟღერადობას, მის წყობასა და ელფერს.
   გალაკტიონი იქცა საკუთარ თანამედროვეთა შორის კერპად, ღმერთად, მუზად… როგორც არ უნდა დავარქვათ მას, გალაკტიონი სხვებს შორის ყოველთვის ოლიმპოს მთაზე ზევსის სადარ ადგილს იკავებდა, ამიტომაც როგორც არ უნდა გაღმერთებულიყო სხვა პოეტი, როგორ სიმაღლეზეც უნდა ასულიყო, ვერასდროს დაჩრდილავდა გალაკტიონის პერსონას. შესაბამისად სწორება, ტოლება, თუ უბრალოდ ბაძვა, ან პატივისცემა დიდი იყო გალაკტიონ ტაბიძის მიმართ.
    ჩვენ შევეცდებით გადმოგცეთ იმ პოეტთა დიდებული ქმნილებები, რომლებმაც მოიხსენიეს გალაკტიონი, მისი სახელი ლექსის მთავარ პერსონაჟად აქციეს, ამით გამოხატეს ის უდიდესი პატივისცემა, რასაც მის მიმართ გრძნობდნენ, გალაკტიონი ხომ ყოველი თავისუფალი ადამიანის, ყოველი ხელოვანის სულით მონათესავე პიროვნებაა და რთულია მის არსებას გვერდი აუარო და გალაკტიონისეულ არსში არ ეძიო საკუთარი თავი და ადგილი.
   ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ლექსი, რომელიც მურმან ლებანიძემ შექმნა და მასში წარმოადგინა არა მხოლოდ გალაკტიონი, არამედ მე-20 საუკუნის პოეზიის კორიფეები, ლეგენდები, დიდოსტატები. გალაკტიონ ტაბიძე ამ ლექსში ბოლოს გაიელვებს, მაგრამ მისი გამოჩენა ლექსის საკვანძო ადგილი და ფაქტობრივად დედა აზრია, იმ ეპოქისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვას პასუხობს, რომელიც ჩვენის აზრით დღესაც აქტუალური უნდა იყოს. მურმან ლებანიძის ეს ლექსი ,,ლექსის მწერალი ხშირდება“ წარმოაჩენს პოლემიკას ერთ ფრიად საჭირბოროტო თემაზე. პოეტები და მწერლები მსჯელობენ, თუ რამ განაპირობა ლექსის მწერალთა გამრავლება, რატომ ეადვილებათ ასე და რა არის ის უმნიშვნელოვანესი რაც პოეტს სჭირდება, სხვა მრავალ პასუხთა, თუ უპასუხობას შორის ავტორი ათქმევინებს გალაკტიონს ,,-ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!“…
   თავისთავად ცხადია პოეტს ნიჭი სჭირდება და მერე სხვა დანარჩენი. ასეთივე ნიჭით იყო დაჯილდოვებული გალაკტიონ ტაბიძე და ეს იყო მისი უდიდესი პატივისცემის მიზეზი. აი რას წერს ტერენტი გრანელი გალაკტიონზე ერთ-ერთ მის გამორჩეულ ლექსში:
გალაკტიონი
ყოველთვის დიდი,
გალაკტიონი
ზეცისკენ მიდის.
გალაკტიონი
ზეცისკენ მიდის,
გალაკტიონი
ყოველთვის დიდი.
   გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის საოცარი სულიერი ნათესაობა ალბათ მათ ერთმანეთის მსგავსმა მარტოსულმა ცხოვრებამ, სულიერმა ობლობამ, მარტოობის კოშმარულმა ფერხულმა განაპირობა. თუმცა დიდ ადამიანებს, ხომ არ ჰყავთ ტოლი და სწორი, ამიტომაც ეძიებენ ისინი სულიერ მოკავშირეებს და თუ ვერ ჰპოვებენ მას მუზას არქმევენ და რითმებად გადმოსცემენ. ტერენტი გრანელი გალაკტიონს ყოველთვის ,,დიდ პოეტად“ მიიჩნევდა, მის ხატებაში მუდამ გამოსჭვიოდა უდიდესი შემოქმედი, საკუთარი თავი კი გალაკტიონის ფონზე ,,უსახელო პოეტად“ მიაჩნდა, თუმცა ცხადია ის არ იყო უსახელო პოეტი, მაგრამ როგორ გინდა პოეზიის გენიას გაუსწორდე და მის ეპოქაში მოიპოვო პოეტის სახელი. აი რას წერს იგი ამ ლექსში:
ერთად ვხეტიალობდით თბილისის ბულვარებში,
რესტორნებში, ბაღებში, – მე არსად არ გტოვებდი.
შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირად – უსახელო პოეტი.
   გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის სულიერი მეგობრობის მიოუხედავად ცხადია იყო სწორედ ეს ადამიანური სისუსტე, რის გამოც ადამიანს ჰქვია ადამიანი და ასხვავებს სამყაროს შემოქმედისგა, ამიტომაცაა რომ ამ ლექსში გაიჟღერა საკუთარი თავის დამდაბლებამ დიდი გალაკტიონის ფონზე. ის ხომ ,,დიდ პოეტად“ ჰყავდა მიჩნეული, როგორც გრანელს ისე მთელ ქვეყანას.
   ტერენტი გრანელის შემოქმედებაში არის კიდევ ერთი ლექსი ,,მე და გალაკტიონი“ სადაც კიდევ ერთხელაა აღზევებული გალაკტიონის პიროვნება და კვლავ მიჰყვება იმ ადამინურ-პოეტური ტრფიალის ხაზს, რომელიც წინამდებარე ლექსებშია.
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.
   ცხადია, გრანელის ლექსის ამ სტროფში არის მეტაფორა და დემონში იგულისხმება ის ზე არსება, რომლადაც მიიჩნევს გრანელი გალაკტიონს. ამ აზრის წარმოსაჩენად კი გრანელი ზეციურ იერარქიას მიმართავს და გალაკტიონს დემონად წარმოაჩენს, რათა მის თავისუფლების საზღვრებზე გვამცნოს, რომ გალაკტიონისთვის არავინ და არაფერია დამაბრკოლებელი იყოს თავისუფლების ზენიტში და არავინ იყოს მის მაღლა. ლუციფერი, დაცემული ანგელოზი, დემონი ხომ კიდევ უფრო მეტი თავისუფლების სურვილისთვის დაეცა, მაგრამ გრანელი ამ შემთხვევაში გალაკტიონს არა ბოროტებასთან, არამედ თავისუფლების, შეუზღუდავი თავისუფლებისკენ სწრაფვისთვის ადარებს დემონს, საკუთარ თავს კი მორჩილ ანგელოზს, რომელიც საუფლოში შემოქმედის მსახურია, ცხადია, ასეც უნდა იყოს. გრანელს შეეძლო გალაკტიონი შეედარებინა ღმერთთან, მაგრამ მან შინაგანი რწმენით სავსე ადამიანურობის წყალობით არ მიმართა მკრეხელობის ამ ჟესტს და გალაკტიონი დემონად გარდაქმნა, საკუთარ თავში კი მორჩილი ანგელოზის სახე ჰპოვა.
ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
   ტერენტი გრანელი ,,დიდ გალაკტიონში“ ზეციურობასთან ერთად ხედავს მიწიერებას, სწორედ ეს მიაჩნია მას ასეთ გამაოგნებელ ნიჭიერებად, როცა ზე კაცი და მიწიერი არსება ასე ერთად თავმოყრილი ერთ გალაკტიონში დაინახა. თავად ტერენტი გრანელი ხომ გამუდმებით ებრძვის მიწიერებას, მას საიქიო, ზეციური თავისუფლება მიაჩნია უმთავრეს არსებობის წყაროდ ,,მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას“- წერს იგი ერთ-ერთ ლექსში. ,,დიდი გალაკტიონის“ არსებაში კი ტერენტი გრანელი კიდევ ერთ მომენტს ხედავს:
შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.
   ტერენტი გრანელის პოეზიაში ლურჯ ფერს ღვთიური დატვირთვა აქვს, ლურჯი ხომ ზეცასთან, სამყაროს შემოქმედთან ასოცირდება, ზეცასა და უფსკრულს შორის განსხვავება კი ისეთივეა, როგორც მაგალითად ჩვენს მიერ უკვე დასახელებულ ლექსში უსახელო და სახელიანი პოეტის შეპირისპირებაში.
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია.
   და კვლავ ლექსის მთავარი სახოტბო სტროფი და კალაკტიონის უპირატესობის საბოლოო დემონსტრირება.
   ტერენტი გრანელისა და გალაკტიონ ტაბიძის განსაკუთრებულ სულიერ ნათესაობაზე ფართო მსჯელობაა შესაძლებელი, თანაც დაუსრულებლად. სწორედ ამიტომ ჰპოვა თავისი ადგილი გალაკტიონმა გრანელის პოეზიაში, თითქოს მუზად იქცა, თითქოს გრანელმა გალაკტიონის არსში ჰპოვა საკუთარი ადგილი, როგორც მოციქულები მიისწრაფოდნენ ქრისტეს საუფლოსაკენ, ქრისტეს არსში დასამკვიდრებლად. ასე მიაჩნდათ გალაკტიონი თანამედროვე დიდ პოეტებს, მიწიერ ღმერთად, რომელიც ამავდროულად თავისუფლების განსახიერებაც იყო. ის იყო პოეზიის მწყემსი კეთილი და სამწყემსო სხვა პოეტები, ვინც გალაკტიონის შემდეგ გამოვიდნენ პოეტურ ასპარეზზე. ამას გალაკტიონიც მშვენივრად გრძნობდა და წერდა ერთ-ერთ მის ლექსში:
,,რარიგ კარგია, სამშობლოვ, შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა …“
   და სამი წერტილი, ანუ თავად გალაკტიონი. მე-20 საუკუნის ასევე დიდმა პოეტმა გალაკტიონის ეს განცდა საკუთარ ლექსშიც ასახა:
,,ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ:
– ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ
დამისახელეთ მეორე პოეტი…“
   გალაკტიონი რა თქმა უნდა არ ასახელებს მეორე პოეტს, რადგან გალაკტინი იყო პოეტი და სხვა ყველა, პირველი, მეორე, მესამე… ან პოეზიას რად უნდა ნუმერაცია, პოეზია ინდივიდების ლაბირინთია სადაც ან პოეტი ხარ ან არა

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი