წინადადება არის სიტყვა, ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს.
ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, წინადადება განისაზღვრება როგორც შესიტყვება, რომელსაც უმთავრესად ქმნის უღლებადი სიტყვა ზმნა და მასთან დაკავშირებული სახელები.
წინადადებას, წინადადების წევრებს და მათ ურთიერთკავშირს შეისწავლის სინტაქსი. სინტაქსი გრამატიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირების წესებს და არკვევს სიტყვა–ფორმის ფუნქციას წინადადებაში.
  წინადადებაში შემავალ სრულმნიშვნელოვან სიტყვას წინადადების წევრი ჰქვია. ტრადიციული გრამატიკების (სინტაქსის) თანახმად, ქართულ ენაში წინადადების წევრებია: ქვემდებარე, შემასმენელი, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება, უბრალო დამატება, განსაზღვრება, გარემოება.
ქართულში წინადადების მთავარი წევრებია: ქვემდებარე, შემასმენელი. პირდაპირი და ირიბი დამატებები. წინადადების არამთავარი წევრები ანუ მეორეხარისხოვანი წევრებია: უბრალო დამატება  განსაზღვრება და გარემოება.
მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები ერთმანეთთან სინტაქსურ წყვილებს (სინტაგმებს) ქმნიან. სინტაქსური ურთიერთობის ძირითადი სახეებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა.
   შეთანხმება ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როდესაც დაქვემდებარებული სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ (დომინანტ) სიტყვას (ახალი წიგნი, ახალმა წიგნმა…).
   მართვა ეწოდება სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც მთავარი სიტყვა დაქვემდებარებულისაგან იმ ფორმას მოითხოვს , რომელიც მას არა აქვს (საერთოდ ან მოცემულ შემთხვევაში).
მირთვა ეწოდება შეკავშირების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა დამოკიდებულს მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკავშირებს. ამგვარი შეკავშირება მაშინაა შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული სიტყვა ფორმაუცვლელია