18 ტიპის მოსწავლე და მათი სუპერძალები
თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?
***
სკოლა არაფერი იქნებოდა, რომ არა კლასელები და მათთვის დამახასიათებელი უცნაური თუ სახალისო თვისებები. სკოლაში სიარულის საკმარისი გამოცდილებისა და საფუძვლიანი დაკვირვებების შემდეგ, გადავწყვიტე, მორიგი სასწავლო კვირა ცოტათი გამეხალისებინა. შესაბამისად, გამოვკითხე სკოლის გარე მეგობრები, ვინიშნე რაღაცები, დავჯექი და ბავშვები, მათ შორის საკუთარ თავიც, რაღაც კონკრეტულ კატეგორიას მოვარგე. რაც მთავარია, აღმოვაჩინე, რომ ყველა ტიპის მოსწავლეს, თავისი სუპერძალა ჰქონია.
ამიტომ, მოდით, ცოტა ვიმაიმუნოთ, თქვენი თვითშეფასებაც ცოტა ავამაღლოთ და მოვყეთ ამბები მოსწავლეებზე, რომლებსაც სუპერძალები აქვთ.
1. ათოსნები
აი, ხალხი: სულ ჭკვიანები, სულ მოწესრიგებულები, სულ მომზადებულები. ისინი შესაშური პასუხისმგებლობის შეგრძნებითა და გამჭრიახი გონებით, ახერხებენ, ყველა საგანში მაქსიმალური შედეგი აჩვენონ. როგორ გამოსდით, არ მკითხოთ. ზოგიერთ ათოსანს მეცადინეობის გარეშე შეუძლია სრულიად დამსახურებული შეფასება მიიღოს!
სამწუხაროა ის, რომ დღესდღეობით, ზოგიერთ სკოლაში, ასეთ ჭკვიან ხალხს გაუთავებლად დასცინიან და შეუფერებლად ექცევიან. მაგალითად, გავრცელებული ზედმეტსახელია “შკოლნიკი”, რომელიც რუსული სიტყვაა და მოსწავლეს ნიშნავს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალური მნიშნელობით ყველა მოსწავლე “შკოლნიკები” გამოვდივართ და რატომ არის ეს ასეთი სასაცილო?!
არადა, სერიოზულად მაგრები არიან.
სუპერძალა? რა თქმა უნდა, მათი ნიჭი.
S L A Y
2. ნახევრად-მძინარეები
ეს ჩემი კატეგორიაა. მე სწორედ იმ ტიპის მოსწავლეებს მივეკუთვნები, რომლებიც, მნიშვნელობა არ აქვს საკმარისად ეძინათ თუ არა, მთელი დღის განმავლობაში ნახევრად-მძინარეები დაიარებან.
სუპერძალაც გვაქვს: სულ თვალები გვეხუჭება.
იმიტომ, რომ ძილი ჩვენი ჰობია.
3. “ძველი ბიჭები”
ო, ღმერთო ჩემო.
ძაან ქურდული და ძაან ქუჩური ამბები.
ასეთი მოსწავლეები ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან: ისინი, რომლებიც თავისთვის, წყნარად არიან და ისინი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ყველას შუაწუხებენ, ოღონდაც ყურადღება მიიქციონ. ყურადღების მიქცევას კი როგორც წესი იდიოტური, უმეტეს შემთხვევაში გამოგონილი, ამბების მხატვრულად თხრობით ახერხებენ(მაგალითად, რამდენი დალიეს, ვინ ცემეს და ა.შ). ეს უკანასკნელნი გამაღიზიანებლები არიან, რადგან მათი “მაგარი ტიპობის” დასამტკიცებლად, ხშირად სხვების დაცინვა და დამცირება სჭირდებათ.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მათ ეს ძალიან მოსწონთ.
მაგრამ ნუ გგონიათ, რომ სუპერძალა არ გააჩნიათ: ყველაზე კარგად გამოსდით “ბლატაობა”. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ფანტაზიის უნარის გამო, შთამბეჭდავ ამბებს იგონებენ.
4. ჩამაკიაჟებულები
გამოპრანჭულები, ყოველთვის მოდურად ჩაცმულები, გაბედულები და პოპულარულები. ისინი, ნამდვილად შესაშური თავდაჯერებულობით, ყოველ დღე ანათებენ.
ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ხანდახან იმდენი გადატვირთული მაკაჟით დადიან, (ძირითადად 7-8 კლასელები) რომ სტუდენებ გეგონებათ.
არადა, საპირფარეშოში თუ ოდესმე მათი გამოპრანჭვის პროცესს შესწრებიხართ, დამეთანხმებით, რომ ისინი ყოველგვარი “შპაკლის”(FunFact: “შპაკლის” ქართული შესატყვისია “ფითხნა”) გარეშე, ბევრად უფრო ლამაზები არიან.
სუპერძალა: ყოველთვის ფორმაში რჩებიან.
5. მორცხვები და სულ სევდიანები
ყველაზე გულჩათხრობილები, ყველაზე კეთილი გულითა და ყველაზე დაბალი თვითშეფასებით.
ისინი არიან მათთვის, წყნარად, მუდმივად სევდიანები. მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როცა ეს აუცილებელია. სხედან და ცდილობენ მათი არსებობის შესახებ ყველას დაავიწყონ.
მათთვის ყველაზე დიდი ტრაგედია გამოკითხვის დღეა, განსაკუთრებული კატასტროფა კი – – პრეზენტაციების წარდგენა.
სუპერძალა: საოცრად კეთილები არიან.
6. უდარდელები
ანუ “არ მაინტერესებს” ტიპის ბავშვები. არ ადარდებთ არც ნიშნები, არც საყვედურები, არც მშობლები, არც ბრაზიანი მასწავლებლები.
სუპერძალა: რაც არ უნდა ეცადოთ, ვერაფრთ შეაშინებთ მშობელთა კრებით.
როგორ ახერხებთ? ჩვენც გვასწავლეთ.
7.ჭორიკნები
მათი მთავარი ჰობი და საქმიანობა სხვებზე ლაპარაკია.
შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ დაუსრულებელ ჭორაობაში და მაინც არ მოიწყინონ. ისინი მუდამ მხარულები არიან, განსაკუთრებით კი მაშინ გიჟდებიან, როცა ახალ ჭორს მოისმენენ. ამასაც ხომ ნიჭი უნდა.
სუპერძალა: ყველასა და ყველაფერზე მოეპოვებათ ინფორმაცია.
უჰ, რაც მთავარია, დრამები! დრამები სჭირდებათ არსებობისთვის.
8. იდუმალები
არსებობენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში იყვნენ თქვენი კლასელები, მაგრამ მათზე მაინც არაფერი იცოდეთ. როცა, ვამბობ “არაფერს”, სრული მნიშვნელობით ვგულისხმობ ამას.
სუპერძალა: მათ წინაშე თვით წინა კატეგორიის წარმომადგენლებიც, ანუ ჭორაობის საბჭოს წევრებიც კი უძლურები არიან.
9. ფარულად “გაჩითულები”
მაშინ, როცა თქვენ დერეფანში ტელეფონზე საუბრობთ, მაშინ, როცა ბუფეტში მეგობარს ელაპარაკებით ან თუნდაც მაშინ, როცა გაკვეთილზე მესიჯობთ, ის ყველგანაა. ყველაფერი იცის, გაფაციცებული გისმენთ. ერთი სიტყვით, ფარულად “გაჩითულია”: ძალიან კარგად გიცნობთ, მაგრამ თქვენ მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ.
Facebook-ზე ჯერ ფოტო არ დაგიდიათ და რამდენიმე წუთში უკვე იცის ვინ არის ის, ვინც სურათზე მონიშნეთ.
რას ვიზამთ, ცნობისმოყვარეები არიან.
სუპერძალა: FBI-ს აგენტისთვის ყველა დამაკმაყოფილებელი თვისება აქვთ.
Big Brother Is Watching You!
10. პანიკიორები
ისინი ყველგან საფრთხეს ხედავენ.
“დღეს ქუიზს ვწერთ???”
“ვაიმე, მასწავლებელს თეთრი ფურცლები უჭირავს!!”
“ვაიმე, ერთიანს მივიღებ!!”
“დავალება გვქონდა???”
სუპერძალა: თავიანთი დრამატული ქცევებით, კლასში ყველას ახალისებენ.
11. კლასის კლოუნი
ყველა კლასში ერთი ან რამდენიმე ბავშვი ირჩევს ამ პროფესიას და თავგამოდებით ასრულებს. ცანცარებს, იჭერს ყველა ფრაზას, ჟესტს და ყველაფერზე, ყვე-ლა-ფერ-ზე, კომენტარს აკეთებს.
ხშირად სახალისო ფრაზის თქმა ვერ გამოსდის, მაგრამ სწორედ ეს ჩაფლავებული ხუმრობაა სასაცილო.
სუპერძალა: კლოუნია!
12. გაცდენების მეფე/დედოფალი
ზოგიერთი ბავშვი იმდენად ხშირად აცდენს სკოლას, რომ ხანდახან გვავიწყდება კიდეც ის ფაქტი, რომ ჩვენ კლასელია.
ჩვენ მათ ცისარტყელას ვეძახით – როგორც მოულოდნელად გამოანათებენ, ისევე მოულოდნელად ქრებიან.
სუპერძალა: როგორღაც ახერხებენ, წლის ბოლოს, ექსტერნი თავიდან აირიდონ.
13. ყველაზე მსუნაგი
მათი ჰობია ჭამა. ბუფეტში რამდენიმე წრეზე მიდიან და გამოაქვთ ყველაფერი, რაც გულს გაუხარდება. მიირთმევენ კლასშიც, გაკვეთილებზეც და დასვენებებზეც. თან ამ კატეგორიის ტიპის მოსწავლეები ხშირად ისეთები არიან, რომლებსაც არაფერი ეტყობათ.
სუპერძალა? ჭამენ და არ სუქდებიან.
14. მოსწავლეები, ყველაზე განსხვავებული საპატიო მიზეზებით
აი, ისეთები, რომლებიც არასდროს არიან მზად და ყოველთვის წარმოუდგენლად მაგარი საპატიო მიზეზები აქვთ. ისინი ხვდებიან, რომ “ბებია საავადმყოფოში მყავდა”, “შუქი წავიდა” ან “დაბადების დღეზე ვიყავი” აღარ ჭრის და ამიტომ, უფრო ორიგინალურებს იფიქრებენ.
თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე წინა კლასებიდან ყველაზე მეტად ეს დამამახსოვრდა:
“მასწ, დავალება კატამ შემიჭამა”.
სუპერძალა: უდავოდ არაორდინალური აზროვნება აქვთ.
15. მოთამაშეები
მათ შეხვდებით ყველგან, ტელეფონებში თავჩარგულებს და მთელი ემოციებით მოთამაშეებს.
სუპერძალა: CSGO-ში შეუძლიათ პროფესონალებივით ისროლონ და მაღალ რანკებზე გადავიდნენ. ეს სახუმარო საქმე ნუ გგონიათ.
16. დამგვიანებლები
ის ერთი, ერთადერთი, რომელიც ყოველთვის აგვიანებს. თან 5-10 წუთით კი არა, მინიმუმ 20 წუთით. და ნამდვილი სასწაულია, თუ ერთ განსაკუთრებულ დღეს, ზუსტად დანიშნულ დროზე მოვა.
…მაგრამ: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
სუპერძალა: აქვთ საკუთარი პრინციპი და ბოლომდე მიჰყვებიან მას.
17. “სად ვარ” ტიპის მოსწავლეები
სკოლაში აუცილებლად შეხვდებით მოსწავლეს, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ვიღაცას დაეკარგა. დაირებიან უაზროდ, გაგნებაში არ არიან აქ რა უნდათ და რაც მთავარია, მუდმივად ნათხოვრობენ კალმებს, ფანქრებს ან სხვა საჭირო ინტვენტარებს.
სუპერძალა: ძირითადად მუდმივად დაბნეულებს, მაინც საშუალო მოსწრება აქვთ.
18. ხელოვანები
თუ მოგინდებათ, კლასში ხელოვანი გამოაშკარაოთ, აიღეთ მისი რვეული და დახედეთ უკანა გვერდებს. როგორ წესი, ისინი მუდმივად სავსეა სხვადასხვანაირი “დუდლებითა” და ჩანახატებით.
სუპერძალა: გაკვეთილის გაყვანის არაჩვეულებრივი მეთოდი აქვთ შემუშავებული.
ვინ იცის, რამდენი ხელოვნების ნიმუში იქმნება ერთ გაკვეთილში!
***
Комментариев нет:
Отправить комментарий