ენაკვიმატი ხიდისთაველი - 14 ივლისს ნოდარ დუმბაძე 89 წლის გახდებოდა...
ავტორი:მანანა მგელაძე
21 ივლისი, 2017. 04:1
ნოდარ დუმბაძეს თურმე შავად წერა არ უყვარდა. მოთხრობას ან რომანს ჯერ გონებაში აყალიბებდა, თითოეულ პერსონაჟს კარგად წარმოიდგენდა, სცენასა თუ დიალოგს დაწვრილებით მოიფიქრებდა და მაგიდას მხოლოდ ამის შემდეგ მიუჯდებოდა. როგორც თავად ამბობდა, "მარადისობის კანონზე"9 წელი იფიქრა, მერე კი 2 თვეში დაწერა. ნაწარმოებზე მუშაობისას ბევრს ეწეოდა, დღე-ღამეში - თითქმის 3 კოლოფ სიგარეტს, ვერც გარშემომყოფთ ამჩნევდა. ღამე წერდა, გათენებამდე და შესაბამისი განწყობის შესაქმნელად ზოგჯერ უცნაურ ხერხსაც მიმართავდა. რომანში, "მე ვხედავ მზეს", წისქვილის სცენის აღწერისას ღამის 3 საათზე ტელევიზორი ხმამაღლა ჩართო. ეფექტით უკმაყოფილო დარჩა - მოშიშინე ტელევიზორი წისქვილის ხმაურს არ ჰგავდა. იდეის ძებნაში ბოლთის ცემას მოჰყვა. მერე ტელევიზორს მტვერსასრუტი მიადგა. ორი ელექტროხელსაწყოს მუშაობა მდინარისა და მბრუნავი დოლაბის ხმაურს მიამსგავსა და კმაყოფილმა მუშაობა განაგრძო.
ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. დუმბაძეების ოჯახი შეძლებულად ითვლებოდა. ჰყავდათ ავტომანქანა, პატარა ნოდარს კი ველოსიპედი, რაც იმ დროს დიდი იშვიათობა გახლდათ. ბავშვს გერმანელი ძიძა ზრდიდა. ნოდარის მამა, ვლადიმერი, ბაღდათის რაიკომის პირველი მდივანი, 1937 წელს დააპატიმრეს. ვლადიმერის მამა, ქიშვარდი და საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ლავრენტი ბერია ბაქოში ერთად სწავლობდნენ. ქიშვარდ დუმბაძეს იქ სასადილოც ჰქონია და მუდამ უფულო და მშიერ ლავრენტის ყოველდღე უფასოდ ასადილებდა. ვაჟის დაპატიმრებისთანავე ბერიას ეახლა და შველა სთხოვა. ის დახმარებას შეჰპირდა, თუმცა იმ დღიდან ოჯახმა ვლადიმერ დუმბაძის კვალი სამუდამოდ დაკარგა. იმავე წელს ნოდარის დედა - ანიკო ბახტაძეც დააპატიმრეს და შუა აზიაში გადაასახლეს. 9 წლის ნოდარი ბებია-ბაბუამ გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში წაიყვანა, სადაც 6 წელი გაატარა, სოფლის მძიმე სამუშაოების შესრულება უხდებოდა. წისქვილში სიმინდს ფქვავდა, შეშას ჩეხდა, მუშაობდა ყანასა თუ ვენახში, თუმცა გართობასაც ასწრებდა და ჩუმ-ჩუმად თამბაქოსაც ეწეოდა და თანატოლებში ოინებისა და სხვადასხვა თამაშის გამომგონებლად ითვლებოდა. კოლორიტულ, იუმორით სავსე ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი დადებითი თვისება შესძინა. დუმბაძე, უპირველეს ყოვლისა, ამ მხარესა და ენაკვიმატ ხიდისთაველებს უმადლოდა, მწერლად რომ იქცა.
გადასახლებიდან 9 წლის მერე დაბრუნებულ დედას ნოდარი დიდხანს ვერ ეგუებოდა, რამდენიმე წელი ანიკო დეიდას ეძახდა.
ენამახვილმა ყმაწვილმა უნივერსიტეტში პოპულარობა მალე მოიპოვა. იქ რექტორ ნიკო კეცხოველის თაოსნობით ალმანახი "პირველი სხივი" შეიქმნა. კრებულში იბეჭდებოდა ჯვებე დუმბავას ლექსებიც. ეს ნოდარ დუმბაძის ფსევდონიმი იყო. ნიკო კეცხოველმა ნოდარს ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადაყვანა შესთავაზა, მაგრამ მან რექტორს უარი უთხრა - ბატონო ნიკო, მკითხველს ეკონომისტისგან უკვირს პოეზია, თორემ ასეთი ლექსები ფილოლოგისგან ვის გაუკვირდებაო.
ერთხელ ვიღაცამ ამერიკელი მწერლის ერსკინ კოლდუელის რუსულ ენაზე ნათარგმნი წიგნი "ჯორჯიელი ბიჭი" მოუტანა. ნაწარმოები ამერიკული სოფლის ცხოვრებას ასახავდა. ნოდარმა გადაწყვიტა, "ჯორჯიელი ბიჭი" ქართულ ენაზე ეთარგმნა, მეგობრებმა კი ურჩიეს, კოლდუელის გადმოქართულებას სჯობს, გურიის სოფლის შესახებ თავად დაწერეო.
ნოდარ დუმბაძემ ასეთი რომანი მართლაც დაწერა, „"სოფლელი ბიჭი" უწოდა და ჟურნალ „"ცისკარში" მიიტანა. რედაქციაში ნაწარმოები მოეწონათ, სათაური კი - არა და რომანს „"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დაარქვეს. 1960-იან წლებში მწერალმა ზედიზედ 3 რომანი გამოაქვეყნა - „"მე ვხედავ მზეს", "მზიანი ღამე" და „"ნუ გეშინია, დედა". პირველ რომანებს მოთხრობები მოჰყვა. 1978 წელს „"მარადისობის კანონი" გამოიცა. მის თხზულებებს, რომლებიც 100-მდე ენაზე ითარგმნა, ერთნაირი ინტერესით კითხულობდა გლეხი და აკადემიკოსი, მუშა და ჩინოსანი.
ნოდარ დუმბაძეს იშვიათად ბრაზდებოდა. ყოველგვარ კონფლიქტურ სიტუაციას კომიკურ ელფერს აძლევდა და დაძაბულობას ასე განტვირთავდა. საუბრისას ჟესტიკულირებდა, ხელისგულებს ამოაბრუნებდა და ისე ლაპარაკობდა. ჩაცმულობაში უპრეტენზიო იყო. რასაც ოჯახის წევრები შეუძენდნენ, იმას იცვამდა. იშვიათ შემთხვევაში სამოსს თავადაც ყიდულობდა, თუმცა ნაყიდი ნივთი, რატომღაც, მუდამ რამდენიმე ზომით დიდი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
დიდი პოპულარობა დუმბაძეს ხშირად საშუალებას აძლევდა, მასთან მისულ ადამიანებს დახმარებოდა. მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ არჩევისთანავე თავის კაბინეტთან მოქალაქეთა მიღების საათების ამსახველი აბრა ჩამოახსნევინა და მდივანს ყველა მოსულის მიღება დაავალა. განსაკუთრებულად ყურადღებიანი პატიმრის მშობლებისადმი იყო. მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა პატიმრობა.
1954 წლის 14 აპრილს ზემელზე მდებარე რესტორან "გემოში" მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ რესტორანში მყოფი 48 კაცი დააპატიმრა. მათ შორის იყო 26 წლის ნოდარ დუმბაძეც, რომელსაც პიჯაკზე სისხლის ლაქები აღმოაჩნდა. ამის გამო მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნიეს. ნოდარმა ციხეში გაიცნო ადამიანები, რომლებიც შემდგომ "თეთრი ბაირაღების" გმირებად იქცნენ. ორთაჭალის ციხეში ექვს თვეზე მეტი დაჰყო. დაკავებიდან 134 დღის შემდეგ ძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ დუმბაძე უდანაშაულო იყო.
გავიდა 4 წელი და ნოდარის ოჯახს მორიგი უბედურება დაატყდა. ერთადერთ ვაჟს - 4 წლის ზაზას წითელა შეხვდა. ექიმებმა შეცდომით ტიფის დიაგნოზი დაუსვეს და სიცხიანი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ბავშვი სამ დღეში გარდაიცვალა. 2 წლის შემდეგ ნოდარს ქალიშვილი, მანანა შეეძინა. კიდევ ერთი წლის მერე - ქეთევანი.
1984 წლის აგვისტოში 57 წლის მწერალს მესამე ინფარქტი დაემართა. საუბარი უჭირდა, თუმცა მნახველებს ყოველთვის გულიანად აცინებდა. აღსარება კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ჩააბარა. ნოდარ დუმბაძე მის მიერ აშენებულ ბავშვთა ქალაქში - "მზიურში" დაკრძალეს.
ერთხელ, მწერალთა კავშირში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების სტუმრობისას, ნოდარ ახალკაცს ბოდიში მოუხდია, - გუნდის ნაწილი საბჭოთა ნაკრებში გამოიძახეს და აქ, ძირითადად, დუბლშემადგენლობით გეახელითო. ეგ არაფერი, - გაუცინია ნოდარ დუმბაძეს, - აქ ჩვენც დუბლები დაგხვდით, ძირითადი შემადგენლობა კი მთაწმინდაზეაო. გავიდა წლები და დიდი მწერალი თავადაც მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
საკადრისი პასუხი
ერთხელ მოსკოვში, საკავშირო მწერალთა ყრილობის შემდეგ ბანკეტი გაიმართა. ცხადია, ქართული დელეგაციაც იყო. ცოტა ხნის შემდეგ ნოდარ დუმბაძე წამოდგა და დარბაზიდან გასვლა დააპირა. მიმავალს პოეტმა ევგენი ევტუშენკომ მიხაილ ლერმონტოვის სტრიქონები მიაძახა: - "Бежали робкие грузины!" ("გარბიან მფრთხალი ქართველები!") ნოდარ დუმბაძემ სიტყვა არ დაუგვიანა და ლერმონტოვისვე სტრიქონები შეაგება: - "Прощай, немытая Россия" ("მშვიდობით, პირდაუბანელო რუსეთო!").
Комментариев нет:
Отправить комментарий