მოგესალმებით!

воскресенье, 19 августа 2018 г.



         თანამედროვე ქართული ენის                                    პრობლემები


ბევრი დამეთანხმება, რომ ქართულ ენას კარგი დღე არ ადგას. ზოგადად მიიჩნევა,  მიზანმიმართული მოქმედებითაც კი ენის სიწმინდის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. არგუმენტი ასეთია: რადგანაც ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლის გზაზეა, საყოველთაო დეგრადაცია ქართულმა ენამაც აუცილებად უნდა გაიზიაროს. ასე გამოდის, რომ ნებისმიერი ბრძოლა ენის ხელყოფის წინააღმდეგ ისეთივე სენტიმენტური არქაიზმია, როგორც  სანთლის შუქი რომ გვერჩიოს ელექტროობას ან ურემი თანამედროვე ავტომობილს. საფუძველში კი იმალება ნახევრადცნობიერი რწმენა იმისა, რომ ენა ბუნებრივი ორგანიზმია და არა ინსტრუმენტი, რომელსაც საკუთარი მიზნებისათვის ვიყენებთ.
ცხადია, რომ ენის დეგრადაციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები და არამართებულია ყოველივე ამის მხოლოდ ცალკეული მწერლების ცუდი გავლენით ახსნა. ამ პროცესში რთულია მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა. მიღებულმა შედეგმა, შესაძლოა, გააძლიეროს გამომწვევი მიზეზი და შესაბამისად  გაამძაფროს შედეგი  და ასე დაუსრულებლად. მაგალითად, კაცმა შეიძლება სმა დაიწყოს იმიტომ, რომ თავს წარუმატებლად მიიჩნევს და შემდეგ კიდევ უფრო წარუმატებელი გახდეს იმიტომ, რომ სვამს. იგივე ხდება ქართულ ენაშიც. იგი უფრო და უფრო უშნო  და გაუგებარი  ხდება. ეს უმეტესწილად იმის შედეგია, რომ სწორედ ჩვენი აზრებია სულელური.  ჩვენი მეტყველების შინაარსი კი კიდევ უფრო განამტკიცებს იმას, რომ თავში ათასი სულელური აზრი გვიტრიალებდეს. სინამდვილეში ამის შეცვლა შესაძლებელია.
თანამედროვე ქართული, განსაკუთრებით ქართული პუბლიკაციები და მეტყველება, სავსეა მავნე ჩვევებით, რომლებიც მიმბაძველობით ვრცელდება. ამას კი სათანადო ძალისხმევით შეგვიძლია ავარიდოთ თავი. თუ  ამ ჩვევებისაგან გავთავისუფლდებით, შევძლებთ უფრო ნათლად ვიფიქროთ, ნათლად ფიქრი კი  აუცილებელი პირველი ნაბიჯია პოლიტიკური აღორძინებისაკენ. ასე რომ, ბრძოლა ცუდი ქართულის წინააღმდეგ არც გართობაა და არც მხოლოდ პროფესიონალი მწერლების საქმე. ამ საკითხს  კვლავ დავუბრუნები, რომ უფრო ნათელი გავხადო რაზე ვსაუბრობ. მანამდე კი გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც ქართული პრესაში მოვიძიე. ეს ტიპური მაგალითებია იმისა, თუ როგორ წერენ ან საუბრობენ ჩვენში ჩვეულებრივ პოლიტიკურ საკითხებზე. ისინი იმიტომ კი არ შემირჩევია, რომ განსაკუთრებით ცუდი მაგალითებია – უფრო უარესების მოძებნაც ადვილად შეიძლებოდა. უბრალოდ, მოყვანილი ფრაზები  კარგად წარმოაჩენს  სხვადასხვა გონისმიერ შეცდომას, რის გამოც ხშირად ვიტანჯებით. ამ ციტატების ხარისხი საშუალოზე დაბალია, მაგრამ საკმაოდ დამახასიათებელია თანამედროვე პოლიტიკური მეტყველებისთვის:
  • “მომხდარს სერიოზული ცვლილებები მოჰყვება. მომხდარი გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია.”
  • “განვითარებული პროცესების, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებისა თუ კაზუისტიკის მიუხედავად… ეს  წინგადადგმული ნაბიჯია, მას უპირობოდ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიის დამკვიდრებისათვის მძიმე და ხანგრძლივ დაპირისპირებაში ერთ-ერთ საეტაპო ბრძოლაში გამარჯვება.“
  • „ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ასეთ სიტუაციაში მოტყუება გამორიცხულია. შეიძლება, ძიებიდან გამომდინარე, რაღაც ინფორმაცია დამალო, მაგრამ ტყუილის თქმა და მერე სიმართლის აღიარება, ასეთი რამ ხდება ძალოვანი უწყებების საქმიანობაში. ეს უფრო პოლიტიზირებული შეფასებაა.“
ყველა ამ წინადადებას საკუთარი ცოდვები აქვს, მაგრამ  მათ შორის საერთო თავიდან აცილებადი ორი სიმახინჯეა. პირველი, ეს არის წარმოსახვის სიმწირე, ხოლო მეორე სიზუსტის ნაკლებობა. ამ ტექსტების დამწერი ან ვერ გამოხატავს ვერბალურად საკუთარ მოსაზრებას, ან შემთხვევით სხვა რამეს ამბობს, ან მისთვის სულერთია მის მიერ ნათქვამ სიტყვებს კონკრეტული მნიშვნელობა გააჩნია თუ არა. ბუნდოვანებისა და სრული არაკომპეტენტურობის ეს ნაზავი დამახასიათებელია, როგორც თანამედროვე ქართული მწერლობისთვის, ასევე ქართული პოლიტიკური მეტყველებისთვის. როგორც კი  კონკრეტული საკითხი წამოიჭრება ხოლმე, ეს კონკრეტიკა  აბსტრაქციაში იძირება და თითქოს აღარავის შეუძლია იფიქროს ისეთ სიტყვებზე, რომლებიც შინაარსის მატარებელია. ქართული წერა და საუბარი სულ უფრო და უფრო ნაკლებად შედგება ისეთი სიტყვებისაგან, რომლებიც მათი მნიშვნელობის გამოა შერჩეული და ძირითადად ეფუძნება ფრაზებს, რომლებიც ფაბრიკაში დაფასოებული ხორცივითა ერთმანეთთან მიწყობილი. ახლა კი იმ ძირითად ფაქტორზე ვისაუბრებ,  რომლებიც  ენის დეგრადაციას იწვევს.
მკვდარი მეტაფორები
ორიგინალური მეტაფორა აზრის წარმოსახვით იმიჯს ქმნის. ტექნიკურად მკვდარი მეტაფორა კი (მაგალითად, „მტკიცე გადაწყვეტილება“), პრინციპში უკვე ჩვეულებრივი სიტყვაა და მისი გამოყენება აზრის სიმკვეთრის დაკარგვის გარეშეც შესაძლებელია. თუმცა, ამ ორ ჯგუფს შორის არის უდიდესი ნაგავსაყრელი გაცვეთილი მეტაფორებისა, რომელთაც ყოველგვარი წარმოსახვითი ძალა დაუკარგავთ და მხოლოდ იმიტომ გამოყენება, რომ ადამიანმა თავი აარიდოს  ახალი ფრაზის შექმნასა და მოძიებას. მაგალითად: “მანკიერი პრაქტიკა,” „ურყევი გადაწყვეტილება,“ „წისქვილზე წყლის დასხმა,“ „განგაშის ზარები,“ „რიტორიკული სიტყვები,“ „გედის სიმღერა,“ „ფასადური დემოკრატია.“ მათი უმეტესობა ხშირად მნიშვნელობის გააზრების გარეშე გამოიყენება და უმეტესწილად  შეუთავსებელი მეტაფორის სახით გვხვდება  (მაგალითად, რას ნიშნავს „ოპონენტზე ჩაციება?“). ეს კი იმის უტყუარი ნიშანია, რომ მის ავტორს არ აინტერესებს, რასაც თავადვე ამბობს. ზოგიერთ მეტაფორას, რომელიც ახლა მოდაშია, საერთოდ დაუკარგავს საწყისი მნიშვნელობა და თანაც ისე, რომ ვინც მას იყენებს, წარმოდგენაც კი არ აქვს მის შინაარსზე.
ყალბი გამოთქმები
ყალბი გამოთქმები გვეხმარება, რომ აღარ ვიწვალოთ სათანადო ზმნებისა თუ სიტყვების მოძიებაზე. ამასთანავე, გვიადვილებს შევავსოთ თითოეული წინადადება ისეთი სიტყვებით, რაც მათ სიმეტრიულობასა და სერიოზულობას  მიანიჭებს. აი, ტიპური ფრაზები: „დროის მოცემული მონაკვეთი,“ „დღის წესრიგი,“ „საფუძვლის მიცემა,“ „ამოსავალი წერტილი,“ „ხელშესახები პოზიცია,“ „წამყვანი როლის თამაში,“ „ტენდენციის გამომჟღავნება“ „პოზიციის მკაფიოდ გაჟღერება“ და ასე შემდეგ. მთავარი პრობლემა აქ მარტივი სიტყვების გამოუყენებლობაა. მაგალითად, ნაცვლად სიტყვებისა „გაჩერება“ ან „გაფუჭება“, ვიყენებთ რთულ ფრაზებს.
შედეგად, ბანალური განცხადებები ბრძნულ აზრებს ემსგავსება. ჩვეულებრივ სიტყვათშეთანხამებებს ენაცვლება ისეთი ფრაზები, როგორიცაა, „ეს ჩვენი, შეუქცევადი, ძალიან ხელშესახები და მკაფიო პოზიციაა, რომელსაც არ გადავუხვევთ,“ “ამ საქმეს ინტერსექტორალური, ფლექსიბიური მიდგომა სჭირდება,“ და ასე შემდეგ. საუბრის  დასასრულს კი მოიშველიებენ ისეთ წარმოუდგენელ ფრაზებს, როგორიცაა,  „ჩვენ ჩვენი პრინციპები უკვე ნათლად გავაჟღერეთ,“ „შესაბამისად, ეს პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს“ და სხვა.
მაღალფარდოვანი მეტყველება
სიტყვები –  „გამოწვევები“, „უზენაესი“, „რელევანტური“ და ასე შემდეგ,  იმისთვის გამოიყენება, რომ შეალამაზოს მარტივი განცხადებები და მიკერძოებულ მსჯელობას მეცნიერული, დამოუკიდებელი აზრის იერი შესძინოს. ზედსართავები – „ეპოქალური,“ „შეუქცევადი,“ „ისტორიული,“ „დაუვიწყარი,“ „საუკუნებრივი“ და სხვა, გამოიყენება ხოლმე რათა პოლიტიკის უხეშ პროცესს ღირსება შესძინოს. როდესაც  წერენ ომზე, როგორც წესი, არქაულ სიტყვებს იყენებენ. მაგალითად: „მეომარნი საქართველოისი,“ „სრულიად საქართველო“ და ასე შემდეგ. უცხოური სიტყვები კი, მაგალითად: a priorimutatis mutandis ან status quo,გამოიყენება კულტურულობისა და ელეგანტურობის იერისათვის. ცუდ მწერლებსა და მოსაუბრეებს, განსაკუთრებით სამეცნიერო, პოლიტიკური თუ სოციოლოგიის დარგებიდან, აკვიატებული აქვთ, რომ ლათინური თუ ინგლისური სიტყვები უფრო დიდებულია, ვიდრე ქართული. სინამდვილეში  კი უფრო ადვილია ამ სიტყვების გამოყენება, ვიდრე მათი შინაარსის მქონე ქართულის შესაბამისი სიტყვების მოძებნა. შედეგად კი  სრულ გაურკვევლობას ვიღებთ.
უშინაარსო სიტყვები
სიტყვა „ფაშიზმს“  ახლა აღარანაირი მნიშვნელობა გააჩნია გარდა იმისა, რომ იგი რაღაც „მიუღებელს“ ნიშნავს. სიტყვებს – „დემოკრატია“, „ლიბერალიზმი“, „სოციალიზმი“, „თავისუფლება“, „პატრიოტული“, „რეალისტური“, „სამართლიანობა“ – სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ, რომელთა ერთმანეთთან შეთავსებაც შეუძლებელია.
სიტყვა „დემოკრატიის“ შემთხვევაში, არა თუ არ არსებობს მისი შეთანხმებული განმარტება, არამედ ამის მცდელობასაც კი ყოველი მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება. თითქმის უნივერსალურია იმის განცდა, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულს ვუწოდებთ, ჩვენ მას ვაქებთ. შესაბამისად, სხვადასხვა რეჟიმის დამცველები გაიძახიან, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიულია და ეშინიათ, მისი გამოყენებისგან თავშეკავებამ არ მოუწიოთ იმ შემთხვევაში, თუკი “დემოკრატიას” განსაზღვრული მნიშვნელობა მიენიჭება. ასეთი სიტყვებით ხანდახან პოლიტიკოსები შეგნებულად, უსინდისოდ სარგებლობენ. პირს, რომელიც მათ იყენებს, აქვს საკუთარი განსაზღვრება დემოკრატიისა, თუმცა მსმენელს საშუალებას აძლევს იფიქროს, რომ იგი სულ სხვა რამეს გულისხმობს.
ახლა კი, როდესაც მცირე კატალოგიზაცია მოვახდინეთ ტყუილებისა და უმსგავსობების, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო იმისა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს  ამგვარმა წერამ. ამჯერად ეს გამოგონილი იქნება. შევეცდები ლიტერატურული ქართული თანამედროვე ქართულის ყველაზე დამახინჯებული ფორმით გადავთარგმნო. აი, ძალიან ცნობილი ციტატა ეკლესიასტედან:
„დავბრუნდი და ვიხილე მზისქვეშეთში, რომ შეჯიბრს სწრაფები ვერ მოიგებენ, ვერც ბრძოლას ძლიერნი. ბრძენი ვერ მოიპოვებს პურს და ვერ გამდიდრდება გონიერი. ვერც საქმის მცოდნე კაცი იხეირებს. ყველაფერს დრო და შემთხვევითობა განსაზღვრავს.“
ეს კი მისი თანამედროვე ვერსია:
„თანამედროვე მოვლენების ობიექტური გარემოებების გათვალისწინება გვიბიძგებს მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ წარმატება ან წარუმატებლობა კონკურენტულ საქმიანობებში არ არის განპირობებული რაიმე შინაგანი შესაძლებლობებით და გაუთვალისწინებლობის მნიშვნელოვანი ელემენტი აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში.“
ეს პაროდიაა, მაგრამ არც თუ გადაჭარბებული. ამ შედარების თანამედროვე ვარიანტში კონკრეტული ილუსტრაციები – შეჯიბრი, ბრძოლა, პური – ქრებიან ისეთ ბუნდოვან ფრაზაში, როგორიცაა „წარმატება ან წარუმატებლობა კონკურენტულ საქმიანობებში.“  თანამედროვე პოლიტიკური წერისა და მეტყველების ძირითადი ტენდენცია კონკრეტიკისაგან თავის არიდებაა. გავაანალიზოთ: პირველი წინადადება შვიდ ცოცხალ სახეს მოიცავს და მხოლოდ ორს „დროსა“ და „შემთხვევითობას“ შეიძლება ეწოდოს ბუნდოვანი. მეორე კი არც ერთ ცოცხალ სურათს გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი მაგალითია ფესვგადგმული თანამედროვე ქართულში. არ მინდა გადავაჭარბო, რომ მხოლოდ ასეთი ქართულია გაბატონებული ჩვენს მეტყველებაში.  აზრის  მარტივად გადმოცემის მაგალითებს აქა-იქ ჯერ კიდევ შეხვდებით ყველაზე უსახურ ტექსტებშიც კი. თუმცა, თუკი გვთხოვდნენ რამე დაგვეწერა ადამიანის ბედის გაურკვევლობაზე, ჩვენი ნაწერი ჩემს წარმოსახვით წინადადებასთან უფრო ახლოს იქნებოდა ვიდრე ეკლესიასტესთან.
 თანამედროვე მწერლობა და მეტყველება, განსაკუთრებით კი პოლიტიკური, მნიშვნელობისა და წარმოსახვითობის მიხედვით შერჩეული სიტყვებისაგან კი არ შედგება, არამედ სტანდარტული, ერთმანეთზე შეწებებული სიტყვათა გრძელი წყებისგან. მისი მიზანი უაზრობისათვის ელეგანტური იერის მიცემაა.
ამ ტიპის მწერლობის, თუნდაც მსჯელობის, მიმზიდველობა სიმარტივეა. როდესაც ამას მიეჩვევი, უფრო იოლია თქვა: „ჩემი აზრით, არ არის დაუსაბუთებელი მოსაზრება, რომ…“ ვიდრე „მე ვფიქრობ.“ თუკი გამზადებულ ფრაზებს იყენებ, არათუ არ გჭირდება სიტყვებზე ნადირობა, არამედ არც იმაზე ფიქრით შეწუხდები, თუ როგორ ჟღერს წარმოთქმული  ფრაზა. ყური ისედაც მიჩვეულია მსგავსი ფრაზების მოსმენას.  როდესაც საჩქაროდ რაღას წერ ან საჯარო გამოსვლისთვის ემზადები, ძალიან ადვილია გაგიტაცოს მაღალფარდოვანმა, ლათინიზებულმა სტილმა. ისეთი გამოთქმები კი როგორიცაა, „კარგი იქნება თუკი ამ მოსაზრებას ყურადღებით დავაკვირდებით“ ან „თვალთახედვა, რომელსაც ჩვენ სრული მზაობით გავიზიარებთ“, ბევრს სათქმელის პირდაპირ გამოხატვას თავიდან ააცილებს. მკვდარი მეტაფორების, სიმბოლოებისა და იდიომების გამოყენებით საკმაო გონისმიერი ძალისხმევა იზოგება, როგორც მკითხველისათვის, ასევე მთქმელისთვის. ეს ყველაფერი ბუნდოვანი მოსაზრებების ხარჯზე ხდება. სწორედ ეს არის შერეული მეტაფორების დანიშნულება. მეტაფორის ერთადერთი მიზანი ვიზუალური სურათის შექმნაა, მაგრამ როდესაც ეს ხატები ერთმანეთს ერწყმიან („მათმა აბლაბუდასავით მზაკვრულმა გეგმამ გედის სიმღერა იმღერა“) შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ მის დამწერს ან მთქმელს წარმოდგენაც არა აქვს,  რაზე საუბრობს. სხვა სიტყვებით, ნათქვამი არ არის ფიქრის შედეგი.
გონიერი ადამიანი, ყოველი წინადადების ჩამოყალიბებისას  მინიმუმ ოთხ კითხვას უსვამს საკუთარ თავს: რისი თქმა მინდა? რომელი სიტყვები გამოხატავენ ამას? რა სურათი ან იდიომა გახდის ამას ნათელს? არის ეს იმიჯი იმდენად ცოცხალი, რომ რამე გავლენა მოახდინოს? და სავარაუდოდ, იგი კიდევ ორ შეკითხვას დასვამდა: შემიძლია თუ არა ეს უფრო მოკლედ ვთქვა? ბუნდოვნად ხომ არ ჩამოვაყალიბე აზრი, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია? მაგრამ თქვენ არ ხართ ვალდებული ამდენი სირთულეები გადალახოთ. თქვენ შეგიძლიათ ამას თავი აარიდოთ და გაუხსნათ გონება გამზადებულ ფრაზებს. ისინი თქვენს მაგივრად ააწყობენ წინადადებებს, გარკვეულწილად თქვენს მაგივრადაც იფიქრებენ და, თუ საჭიროა, თქვენი  მოსაზრების თქვენგანვე ნაწილობრივ დაფარვის მნიშვნელოვან საქმესაც შეასრულებენ. სწორედ ამ ეტაპზე ხდება ნათელი თუ რა კავშირია პოლიტიკასა და მეტყველების გაუფასურებას, მის შელახვას შორის.
სიმართლეს შეესაბამება ის,  რომ ჩვენი დროის პოლიტიკური მწერლობა და მეტყველება ცუდი მწერლობა და მეტყველებაა. განსხვავებულად მოსაუბრე მიჩნეულია  მეამბოხედ, რომელიც პირად მოსაზრებებს გამოთქვამს და არ მიჰყვება პარტიულ ხაზს. ორთოდოქსობა, რა შეფერილობისაც არ უნდა იყოს იგი, მოითხოვს უსიცოცხლო, მიმბაძველობით სტილს. პოლიტიკური სიტყვათწყობა, რომლებიც შესაძლოა სტატიებში, ბროშურებსა და პროგრამებში იხილოთ ან საჯარო გამოსვლებში მოისმინოთ, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუმცა, ისინი ერთმანეთს იმით გვანანან, რომ მათში ვერავინ იპოვის ცოცხალ, მკვეთრ სიტყვას, ან მის განსაკუთრებულ ლაზათს.
როდესაც ვუყურებთ  ადამიანს,  რომელიც ტრიბუნიდან მექანიკურად იმეორებს ნაცნობ ფრაზებს – „ცივილიზებული მსოფლიოს ხალხები,“ „იმპერიული ზრახვები,“ „მტრის წისქვილი,“ „მტკიცედ არჩეული კურსი“  – ხშირად უცნაური გრძნობა გეუფლება, რომ ცოცხალ ადამიანს კი არა, რაღაც ფიტულს უყურებ. ეს გრძნობა მაშინ უფრო გამძაფრდება ხოლმე, როდესაც შუქი გამომსვლელის სათვალეებს ისე ააბრჭყვიალებს, რომ ცარიელი სფეროები გეგონება, რომელთა უკანაც თვალების ნაცვლად სიცარიელეა. ეს სულაც არ არის უცნაური. გამომსვლელს, რომელიც ასეთი ტიპის ფრაზეოლოგიას იყენებს, უკვე რაღაც მანძილი აქვს გავლილი მანქანად ქცევამდე. მისი ხორხიდან  ხმა ამოდის, მაგრამ მისი ტვინი ამ საქმეში არაა ჩართული. ასე არ იქნებოდა, ის რომ სიტყვებს თვითონ არჩევდეს. ამგვარი შეზღუდული ცნობიერების მდგომარეობა, განუყოფელი თუ არა, ხელშემწყობი მაინცაა პოლიტიკური მორჩილებისა.
ჩვენს დროში პოლიტიკური გამოსვლები და ნაწერები ძირითადად დაუცველის დაცვაა. ისეთი საკითხები, როგორიცაა რეპრესია, ეთნიკური წმენდა და სხვა ქვეყნების დამონება, შეიძლება დაიცვა, მაგრამ ამისთვის საჭირო არგუმენტები ზედმეტად სასტიკია ბევრი ადამიანისათვის.  ისინი ნაკლებად შეესაბამებიან პოლიტიკური პარტიების გაცხადებულ გეგმებს. ამიტომაც, პოლიტიკური ენა ძირითადად ეუფემიზმებისაგან, უპასუხო წინადადებებისა და ბუნდოვანებისაგან შედგება. დაუცველი სოფლები შეიძლება დაიბომბოს, მოსახლეობა განიდევნოს, საქონელი დაიხოცოს, სახლები გადაიწვას და ამას მშვიდობისმყოფელობა ეწოდოს. მილიონობთ ადამიანი, შეიძლება, საკუთარი საცხოვრებლიდან ქუჩაში მხოლოდ ტანსაცმლით გამოყარონ და ამას მოსახლეობის გადანაცვლება და საზღვრების აღდგენა ეწოდოს. ადამიანებს სასამართლოს გარეშე წლობით ატყევებენ და ამას არასანდო ელემენტების ამოძირკვა ეწოდება. ასეთი ფრაზეოლოგია საჭიროა, თუკი ვინმეს სურს მოვლენებისთვის  სახელების ისე დარქმევა, რომ მათ სიცხადე არ მიანიჭოს.  წარმოიდგინეთ, მაგალითად,  ექსპერტი, რომელიც ავტორიტარიზმს იცავს. მას არ შეუძლია თქვას: „ჩემთვის მისაღებია ოპონენტის მოკვლა, თუკი ამით კარგ შედეგს მიიღებ.“ სავარაუდოდ, მან უნდა თქვას ამდაგვარი რამ: „მართლაც ვაღიარებ, რომ ამ რეჟიმს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც შესაძლოა საკამათოა. თუმცაღა, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი თანამდევი მოვლენაა გარდამავალი პერიოდებისა და ის სირთულეები, რომელთაც უნდა გავუძლოთ, სრულიად გამართლებულია არსებული გამოწვევებითა და მიღწეული წარმატებებით.“
ეს ხელოვნური სტილი თავადაა ევფემიზმი. ლათინური სიტყვების მასა კი ფაქტებს ფაფუკი თოვლივით ეფინება ხოლმე და დეტალების კვალს სრულიად შლის. ნათელი მეტყველების ყველაზე დიდი მტერი არაგულწრფელობაა. როდესაც ვიღაცის რეალურ და გაცხადებულ მიზნებს შორის ნაპრალია, იგი თითქოს ინსტინქტურად იყენებს გრძელ სიტყვებსა და გამოფიტულ იდიომებს და ემსგავსება თევზს, რომელიც წყალს მტაცებლისგან თავდასაღწევად ამღვრევს. ჩვენს დროში არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა „აპოლიტიკურობა.“ ყველა საკითხი პოლიტიკურია, ხოლოდ თავად პოლიტიკა კი ტყუილების მასა, თავის არიდება, თაღლითობა, ზიზღი და შიზოფრენიაა. როდესაც ზოგადი  ატმოსფერო ნეგატიურია, ეს მეტყველების კულტურაზეც აისახება. მართალია, არ მაქვს სათანადო ცოდნა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ იტალიურმა, გერმანულმა და რუსულმა ენებმა დიქტატურების შედეგად დეგრადაცია განიცადეს.
თუკი აზრი აფუჭებს ენას, ენამაც უნდა „გააფუჭოს“ აზრი. ცუდი მეტყველება, შესაძლოა, გავრცელდეს ტრადიციითა და მიმბაძველობით იმ ხალხშიც, ვისაც გონი მოეკითხება. დეგრადირებული ენა, რომელსაც განივიხილავდი, რაღაც გაგებით მოსახერხებელია. ისეთი ფრაზა, როგორიცაა  „შეხედულებები, რომელთაც არ უნდა გადავუხვიოთ,“ მუდმივი ცდუნებაა, მუდმივად ხელმისაწვდომია ასპირინის ტაბლეტივით. ისე, გადაიკითხეთ ეს ესსე  და ნახავთ, რომ ისევ და ისევ იმ შეცდომებს ვუშვებ, რომლებსაც თავადვე ვაკრიტიკებ.გამზადებული ფრაზების მიერ ადამიანის გონებაზე შეტევა („საფუძვლების ჩაყრა,“ „რადიკალური ტრანსფორმაციის მიღწევა“) მხოლოდ მაშინ შეიძლება შევაჩეროთ, თუკი მუდმივად ვიფრთხილებთ. ყოველი ასეთი ფრაზა ჩვენი გონების რაღაც ნაწილის ანესთეზიას ახდენს.
ქართული ენის დაცვა ყოველივე ამაზე მეტია და ამიტომ კარგი იქნება დაკონკრეტება, თუ რას არ გულისხმობს ენის სიწმინდისთვის ბრძოლა.
უპირველეს ყოვლისა, ამას არაფერი აქვს საერთო არქაიზმსა და მოძველებული სიტყვათწყობის დაბრუნებასთან ან რაიმე „სტანდარტული ქართულის“ შექმნასთან, რომლიდან გადახვევაც არ შეიძლება. პირიქით, ეს გულისხმობს ყველა იმ იდიომისა თუ სიტყვის მოცილებას, რომელმაც სარგებლიანობა ამოწურა. ამას, ასევე, არაფერი აქვს საერთო  გრამატიკულ გამართულობასა ან სინტაქსთან, რომელიც ნაკლებმნიშვნელოვანია,  თუკი ადამიანი თავის აზრს ნათლად გამოხატავს. ეს არ უკავშირდება უცხო ენების გავლენის თავიდან აცილებას ანდა კარგი ლიტერატურული ქართულის გამოყენებას. მეორეს მხრივ, აქ საქმე არც ყალბ სიმარტივესთან ან აკადემიური ქართულის გამოყენებასთან გვაქვს. ყოველთვის არც მხოლოდ ქართული შესატყვისების გამოყენებაა საჭირო. ლაპარაკი იმაზეა, რომ რაც უფრო ცოტაა და მოკლე სიტყვები, მით უკეთესად გადმოიცემა აზრი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ შინაარსს მოვარგოთ სიტყვები და  არა პირიქით.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება წერისას მოხდეს, არის დანებდე სიტყვებს. როდესაც  კონკრეტულ საგანზე ფიქრობ, ჯერ მას უსიტყვოდ წარმოიდგენ. შემდეგ კი, თუ გინდა აღწერო ის, რასაც წარმოიდგენდი, ეძებ შესაბამის სიტყვებს მანამ, სანამ არ იპოვი მათ. ხოლო როდესაც რაიმე აბსტრაქტულზე ფიქრობ, მაშინ თავიდანვე სიტყვებს ეძებ და მიდრეკილი ხარ გამზადებული ფრაზები თავიდანვე გამოიყენო. თუკი ცნობიერად არ მოინდომებ არსებული გავლენების თავიდან არიდებას, ეს სიტყვები მაშინათვე ამოგიტივტივდება თავში და შენს მაგივრად გააკეთებს საქმეს, რაღა თქმა უნდა, შინაარსის ბუნდოვანების ან თუნდაც მისი დამახინჯების ხარჯზე. ალბათ უკეთესია საერთდ შეეშვა სიტყვებს მანამ შესაძლებელია და სანამ მაქსიმალურ სიცხადეს არ მიაღწევ წარმოსახვითა და შეგრძნებებით. შემდეგ უკვე შეიძლება შევარჩიოთ  – და არა უბრალოდ მივიღოთ – ის ფრაზები, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემენ აზრს. ამის შემდეგ უნდა დავფიქრდეთ,   მოახდენს თუ არა შთაბეჭდილებას შერჩეული სიტყვები მსმენელსა და მკითხველზე. ამგვარი მიდგომა სრულად გაათავისუფლებს გონებას ყველა გაქვავებული ან ბუნდოვანი წარმოსახვისგან, ყველა ნახევრადგამზადებულ ფრაზის, უსარგებლო გამეორების, სიცრუისა და ზოგადად, გაურკვევლობისაგან. თუმცაღა, ყოველთვის შეიძლება დავეჭვდეთ ამა თუ იმ სიტყვისა თუ ფრაზის გავლენაზე. არსებობს წესები, რომელთაც შეიძლება დავეყრდნოთ მაშინ, როდესაც ინსტინქტი გვღალატობს. ვფიქრობ, ეს წესები ყველა შესაძლო შემთხვევისთვისაა:
  1. არასოდეს გამოიყენო მეტაფორა, შედარება ან  ისეთი სიტყვათწყობა, რომელსაც კითხულობთ ან ისმენთ მედიაში;
  2. არასოდეს გამოიყენოთ გრძელი სიტყვა, თუკი მოკლეც გამოდგება აზრის გამოსახატად;
  3. თუკი შესაძლებელია რომელიმე სიტყვის ამოღება, ყოველთვის ამოიღეთ;
  4. არასოდეს გამოიყენოთ ვნებითი გვარი, თუკი შესაძლებელია მოქმედებითის გამოყენება;
  5. არასოდეს გამოიყენოთ უცხოური ფრაზა, სამეცნიერო სიტყვა ან ჟარგონი, თუკი შეგიძლიათ მოიფიქროთ ეკვივალენტი ყოველდღიური ქართულიდან;
  6. ჯობს  ნებისმიერი ეს წესი დაარღვიოთ, ვიდრე რამე უკიდურესად ბარბაროსული თქვათ;
ეს წესები ძალიან ელემენტურია, მაგრამ ისინი მოითხოვენ სიღრმისეულ  დამოკიდებულებით ცვლილებას მათ მიერ, ვინც მოდას ადევნებული უკვე მიეჩვია ასეთი სტილით წერასა და საუბარს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი