თაბორის მთაზე მომხდარი ფერისცვალება უფლისა უმნიშვნელოვანესი ამბავია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ამ ამბის შესახებ ოთხიდან სამი სახარება მოგვითხრობს, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფერისცვალება თორმეტ უდიდეს დღესასწაულში შეიყვანა და ის ყოველწლიურად 6 აგვისტოს იდღესასწაულება.[**1]
ეკლესიის წმინდა გადმოცემაზე დავეყრდნობით ჩვენ შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვებს: რა მოხდა თაბორის მთაზე? რაში მდგომარეობს ამ ამბის მნიშვნელობა ქრისტიანთათვის?
ჩვენ გამოკვლევას სამ ნაწილად დავყოფთ. პირველში განვიხილავთ წმინდა წერილის მოწმობას ფერისცვალების შესახებ. მეორეში საუბარი გვექნება ღვთის „გამოცხადებაზე“, რაც ქრისტიანული უმთავრესი ცნებაა, და შევეცდებით ფერისცვალების განხილვას გამოცხადების კონტექსტში. ხოლო მესამე ნაწილში განვიხილავთ „ღვთის სასუფევლის“ მოსვლის საკითხს, რაც უმთავრეს გასაღებს წარმოადგენს ფერისცვალების საიდუმლოს გასაგებად.
1. წმინდა წერილი
(მ. 16:28) ამინ გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენსიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს თავისი სუფევით.
(მ. 17:1) და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, ძმა მისი, და აიყვანა ისინიმაღალ მთაზე განმარტოებით.
(2). და ფერი იცვალა მათ წინაშე, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე; ხოლო მისი სამოსი გახდათეთრი, როგორც ნათელი.
(3). და აჰა ეჩვენათ მათ მოსე და ელია, რომლებიც საუბრობდნენ მასთან.
(4). მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: უფალო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს გავაკეთებთ აქსამ კარავს: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთს ელიასთვის.
(5). და ვიდრე იგი ამას ამბობდა, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა. ხმა იყოღრუბლიდან: ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მისი ისმინეთ.
(6). როდესაც გაიგეს მოწაფეებმა, პირქვე დაეცნენ და ძლიერ შეშინდნენ.
(7). და მივიდა იესო, შეეხო მათ და უთხრა: ადექით და ნუ გეშინიათ.
(8). და როცა გაახილეს თვალები, ვერავინ ნახეს იესოს გარდა.
(9). და როდესაც ჩამოდიოდნენ მთიდან, უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ნურავის ეტყვით ამ ხილვისშესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.
ასე აღწერს ფერისცვალებას მათეს სახარება. მსგავს მოთხრობებს ვხვდებით მარკოზისა და ლუკას სახარებებში. მხოლოდ იოანეს სახარებაში არ ვხვდებით ამ თხრობას. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, ოთხ მახარებელს შორის მხოლოდ იოანე იყო ფერისცვალების თვითმხილველი, და სწორედ მის სახარებაში არაფერია მოთხრობილი მის შესახებ. სხვა თვითმხილველი, პეტრე მოციქული, ადასტურებს ამ ხილვას თავის კათოლიკე ეპისტოლეში. მეორე ეპისტოლეში, რომელიც პეტრეს მიეწერება, ვკითხულობთ:
„და ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად ვიყავით წმინდა მთაზე.“ (2 პეტრ. 1:18).
სახარებისეული თხრობა უკიდურესად ლაკონურია. აღსანიშნავია, რომ იესომ მოწაფეებს უბრძანა არავისთვის ეთქვათ ამ ხილვის შესახებ, სანამ ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგებოდა. მოციქულებმა უთუოდ შეასრულეს ეს ბრძანება. მხოლოდ უფლის აღდგომის და სულთმოფენობის შემდეგ მოუთხრეს მათ ეს ამბავი სხვებს, რის შედეგადაც ის სახარების განუყოფელი ნაწილი გახდა და დაწერილ სახარებაშიც იპოვა თავისი ადგილი.
ფერისცვალებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვთისმეტყველებისთვის. კერძოდ, ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ღვთის გამოცხადება, განმღრთობა, ღვთის ხილვისა და შეცნობის შესაძლებლობა. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ XIV საუკუნის ბიზანტიაში წმ. გრიგოლ პალამასთან დაკავშირებულ კამათებში და შემუშავებულ ღვთისმეტყველებაში თაბორის ნათელს ცენტრალური ადგილი უჭირავს.
ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს, იორდანეში ნათლისღებიდან და გოლგოთაზე ჯვარცმამდე, თაბორის მთაზე რაღაც მოხდა. ეს მხოლოდ სამმა თვითმხილველმა, ქრისტეს სამმა მოწაფემ იცოდა და ქრისტეს აღდგომამდე არავის ეუბნებოდა. აღდგომისა და სულთმოფენობის შემდეგ, უმთავრესი, რასაც უქადაგებდნენ მოციქულები მსოფლიოს, იყო ქრისტეს აღდგომა, სიკვდილის ძლევა და ახალი ცხოვრება. თაბორის ამბავი ერთი შეხედვით, ჩრდილში იყო მოქცეული. მაგრამ მან მაინც დაიმკვიდრა თავისი ადგილი ეკლესიის გადმოცემაში და მისი მნიშვნელობა განუზომლად დიდია.
რაში მდგომარეობს ეს მნიშვნელობა? რას გვეუბნება ფერისცვალება ჩვენ დღეს?
2. ღვთის გამოცხადება
- ქრისტიანთა რწმენის მიხედვით, იესო ქრისტე იყო სრული ღმერთი და სრული კაცი (ადამიანი): „მწამს ... უფალი იესო ქრისტე, ... ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა“ ამბობენ ქრისტიანები მრწამსის წარმოთქმისას. იესო ნაზარეველი, რომელსაც ხედავდნენ, უსმენდნენ და ხელით ეხებოდნენ, არ იყო ოდენ ადამიანი (ლიტონი ადამიანი); არამედ იესო ქრისტეს პიროვნებაში იყო სრული ღმრთეება. სხვა სიტყვებით, ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ერთი იუდეველის ფიზიკურად შემოსაზღვრულ ადამიანურ პიროვნებაში, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანის დარად ჰქონდა დაბადების წელი, გარკვეული სიმაღლე, წონა, თმის და თვალის ფერი, „მკვიდრობდა ღმრთეების მთელი სისრულე ხორციელად“ .
იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს მისი ღმრთეება უმეტესწილად დაფარული იყო. იმ ათასობით ადამიანთათვის, ვინც იესო იხილა და მას მოუსმინა, ის ოდენ ადამიანი იყო, იესო ნაზარეველი, იოსების და მარიამის შვილი. აღდგომამდე და სულთმოფენობამდე, მისი მოწაფეებიც კი ვერ აცნობიერებდნენ ბოლომდე, ვინ იყო მათი მასწავლებელი.
მოციქულები ამბობენ: „ჩვენ ვიხილეთ ღმერთი“. ღვთის ხილვა, რაც შეუძლებელია ძველი აღთქმის მიხედვით [***2], შესაძლებელი ხდება სიტყვის განკაცების შემდეგ. ის მონის სახით მოვიდა და შესაძლებელი გახდა გვეხილა ღმერთი. მისი ადამიანური ბუნება ფარავდა ღვთაებრივ ბუნებას, იმ დიდებას, რომლის ხილვა ადამიანს არ ძალუძს: „გაუწყებთ იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ხელით შევხებივართ, სიცოცხლის სიტყვაზე ...“ (1 იოან. 1:1).
იესო ქრისტეს ღმრთეება რწმენის თვალით იხილვებოდა და იხილვება. ურწმუნოთათვის ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია.
მეორედ მოსვლისას კი ყველასთვის ხილული და განცხადებული იქნება იესო ქრისტეს ღმრთეება. როგორც წმინდა წერილი ამბობს, ის მოვა „დიდებით“.
ეს ყველაფერი სწორია და მაინც, არის ერთი გამონაკლისი. ქრისტემ ამქვეყნიური ცხოვრების დროს აჩვენა თავისი ღმრთეება, თავისი საღმრთო დიდება. სწორედ ეს მოხდა თაბორის მთაზე! სწორედ ამას ეწოდება ფერისცვალება. მართალია, ის ეჩვენა მხოლოდ სამს, მართალია, ის ეჩვენა მხოლოდ მცირე დროით და იმ ზომით, რა ზომითაც ისინი ამას გაუძლებდნენ, მაგრამ ეჩვენა!
აი, რას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი მათეს სახარების შესაბამისი ადგილის კომენტარებისას:
გადაწყვიტა უფალმა ეჩვენებინა მათთვის ამქვეყნად სახე იმ დიდებისა, რომლითაც შემდგომშიუნდა მოსულიყო, - იმ ზომით, რა ზომითაც მათ ამის ხილვა შეეძლოთ.
სასუფეველის სახე ხილული თვალით უჩვენა მათ.
მაშინ (იორდანეზე) ზეციური ხმა მხოლოდ ძეობის დასამოწმებლად გაისმა, ხოლო ახლაგანცხადებულად იხილეს მისი დიდება მოწაფეებმა; არა სრულად, რა დიდებაც მას აქვს (ვისშეუეძლია გაუძლოს მისი დიდად მშვენიერი დიდების ხილვას?), არამედ იმ ზომით, რა ზომითაცშეეძლო ეხილა მათ გონებას თვალშეუდგამი ნათელი, მისი ფერისცვალების ბრწყინვალება და მისისამოსლის ელვარება.
ქრისტიანთა რწმენისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იესო ქრისტემ ამქვეყნად სხეულში მყოფ ადამიანს ეცხადება ღმერთი იმ ზომით, რა ზომითაც ადამიანი ამას გაუძლებს და ადამიანი რჩება ცოცხალი ამ ქვეყნად. ჩვენი რწმენა, რომელიც მოციქულთა მოწმობაზეა დამყარებული, ხოლო მოციქულთა რწმენა და მოწმობა გულისხმობს ქრისტეს ღვთიური დიდების მოწმობას, ფერისცვალების ხილვას. ეს კარგად ჩანს სიტყვებში, რომლებიც პეტრე მოციქულს მიეწერება:
„და მოხერხებული იგავებით კი არ გაუწყეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ მისი დიდების თვითმხილველნი გავხდით. ვინაიდან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როცა დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მოვიდა ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც ჩემი სათნოებაა. და ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად ვიყავით წმინდა მთაზე.“ (2 პეტრ. 1:16-18).
3. სასუფეველი ღვთისა
იმისათვის, რომ გავიგოთ წმინდა წერილის ესა თუ ის ადგილი, ხშირად აუცილებელია ტექსტის უფრო ფართო ნაწილი განვიხილოთ, ის, რაც წინ უძღვის და მოჰყვება ჩვენთვის საინტერესო ადგილს, თუმცა შეიძლება პირველი შეხედვით, ეს აუცილებლად არ გვეჩვენებოდეს და აღებული ადგილი სრულიად თვითკმარად მიგვაჩნდეს. ხშირად თანამედროვე კომენტატორები საკმაოდ ვიწროდ იხილავენ ტექსტს და ვერ ამჩნევენ უფრო ფართო კონტექსტს. ამას ჩვენ ფერისცვალების ეპიზოდის მაგალითზე ვნახავთ.
ა) რა უძღვის წინ ფერისცვალებას?
ფერისცვალებამდე ექვსი დღით ადრე იესო ეუბნება მოწაფეებს:
ამინ, გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს,ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს თავისი სუფევით. (მ. 16:28).
რა იგულისხმება იესოს მოსვლაში თავისი სუფევით (სამეფოთი, ან სამეფოში)? ქრისტეს მეორედ მოსვლა, მკვდრეთით აღდგომა, თუ ფერისცვალება? რასაკვირველია, ქრისტიანთა რწმენით, სასუფეველი ღვთისა მოსული ძალაში, მთელი თავისი სისრულით დადგება ქრისტეს მეორედ მოსვლისას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ჟამთასვლაში, ამა სოფელში სასუფეველი ღვთისა სრულიად დაფარულია. ის შეიძლება მოახლოვდეა, ის შეიძლება ვინმესთვის ძალაში მოვიდეს და ფერისცვალება ასეთი „მოსვლის“ ხატია. იესოს სიტყვებში, შესაძლოა, მეორედ მოსვლაც იგულისხმება, მაგრამ უეჭველია, რომ იგულისხმება ასევე თაბორის მთაზე მოსახდენი ფერისცვალება. ეკლესიის დიდი მასწავლებლები სწორედ ასე განმარტავდნენ ამ სიტყვებს. იოანე ოქროპირი ამბობს:
„ამგვარად, ეს სამნი სხვებს აღემატებოდნენ. ისინი აიყვანა ქრისტემ, რადგან მეტის ნახვასგაუძლებდნენ. ამ ხილვის შესახებ მან თქვა: ამინ, გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქმდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალსთავისი სუფევით. ეს ნიშნავს: იხილავენ ჩემ სახეს განცხადებულად, თუ როგორ ვაპირებ მეორედმოსვლას.“
ფერისცვალება არის სასუფეველი ღვთისა, რომელიც მოდის ძალაში არა ქვეყნიერების ბოლოს, არამედ ამქვეყნიურ ჟამთასვლაში.
იმაზე, რომ თაბორის ფერისცვალება სასუფევლის დადგომაა, ასევე მიანიშნებს მოწაფეთა მიერ დასმული შეკითხვა, როდესაც ისინი თაბორის მთიდან ჩამოდიოდნენ: „რატომ ამბობენ მწიგნობრები,რომ ელიას ჰმართებს პირველად მოსვლა?“ ანუ მათი შეკითხვაა სასუფეველზე, უფლის დღეზე, რომლის დადგომის წინ, გადმოცემით, ილია წინასწარმეტყველი უნდა მოვიდეს.
განსხვავებით სასუფევლისაგან, რომელიც ქვეყნიერების ბოლოს დადგება და როცა იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, ჩვენ შემთხვევაში სასუფეველის ხილვა დამთავრდა: და როცა გაახილეს თვალები,ვერავინ ნახეს იესოს გარდა. იოანე ოქროპირი წერს: უფალმა განაბნია მათი შიში, შეახო ხელი და თქვა:„ადექით და ნუ გეშინიათ“; და დაფარა ხილვის დიდება, და მათ ისევ იხილეს უფალი იმავე სახით დაიმავენაირად, რასაც მიჩვეულები იყვნენ.
ამგვარად ეს გამოცხადება და სასუფევლის დადგომა არ მომხდარა ქვეყნიერების ბოლოს; მეტიც, ეს არ მომხდარა მოწაფეთა ცხოვრების ბოლოს, როგორც ეს არის, მაგალითად, მოწამეებისთვის ხდება. მოწამეობა, ამავე დროს მოწამის გამარჯვებაა და ისინი გამარჯვებულები ტოვებენ ამ სოფელს. გავიხსენოთ, რომ წმინდა წერილის მიხედვით, მოწამესთვის ცა გახსნილია და ის ხედავს ძეს კაცისა, მჯდომარეს მარჯვენით მამისა (საქმ. 7:55). ფერისცვალების შემთხვევაში, კი ასე არ არის.
ფერისცვალების ხილვა, სასუფევლის დადგომა თაბორის მთაზე დროებითი იყო და მოწაფეთა ცხოვრების შუაში მოხდა. ამას მოჰყვება ის, რომ სასუფევლიდან ისინი უბრუნდებიან ამა სოფელს! მათ უნდა გაიარონ კიდევ ბევრი გასაჭირი, უნდა ჩამოვიდნენ თაბორის მთიდან და ავიდნენ გოლგოთის მთაზე.
დამთავრდა გამოცხადება და ისინი აღმოჩნდნენ იმავე სოფელში: იგივე მთა, იგივე მიწა, იგივე ცა, იგივე ჰაერი, იგივე სხეული. და ისინი უნდა დაეშვან ამ მთიდან და უნდა დაუბრუნდნენ ამ სოფელს. ძნელია ეს დაბრუნება! ძნელია მთიდან დაბრუნება, სადაც პეტრეს სიტყვებით „კარგია ყოფნა“, იმდენად, რომ მას სამი კარვის დადგმა და დარჩენა უნდოდა.
რა ხდება მთიდან ჩამოსვლის შემდეგ? აი, სწორედ, აქ ჩვენ გავცდებით უშუალოდ ფერისცვალების ამბავს და შევეცდებით მას შემდეგი ეპიზოდი დავუკავშიროთ, რომელიც თითქოს არანაირ კავშირში მასთან არ არის, კერძოდ, ეშმაკეული ჭაბუკის განკურნება. ყოველ შემთხვევაში, ვერცერთ კომენტარში ეს დაკავშირება მე ვერ ვიპოვე. აღსანიშნავია, რომ ეს ეპიზოდი სამივე აღნიშნულ სახარებაში არის მოთხრობილი.
ისინი ჩამოვიდნენ მთიდან და მივიდნენ ხალხთან, სადაც სხვებთან ერთად იესოს სხვა მოწაფეებიც იყვნენ. თაბორის მთაზე ნათლის ღრუბლის ხილვის შემდეგ ბარში ჩამოსულებს უკვე საღამო ხანი და სიბნელე დახვდათ. იესოსთან მივა ერთი კაცი და ეტყვის:
„უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, რომელიც მთვარეულია და ძალიან იტანჯება; ხშირად ვარდებაცეცხლში და წყალში. და მოვუყვანე იგი შენს მოწაფეებს და მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება“.
ამას მოსდევს იესოს უცნაური სიტყვები. თითქოს ის გაბრაზდა და თქვა:
„ო, ურწმუნო და უკუღმართი მოდგმა, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გიტვირთავთთქვენ? მომგვარეთ მე იგი აქ“.
ეს უცნაური რეაქციაა. საიდან მოდის ასეთი განრისხება? იესოს უფრო დიდი ცოდვაც უნახავს და არ განრისხებულა. ან რა დიდი ცოდვა მიუძღვის თვითონ იმ ჭაბუკს, რომელიც ბავშობიდან ეშმაკეული ყოფილა? ან კი რა ისეთი დიდი ცოდვა მიუძღვით მოწაფეებს, რომელთაც ეშმაკეული ვერ განკურნეს? განკურნება ხომ დიდი სასწაულია. აქ თითქოს განგებ ხდება ხაზგასმა, თაბორის მთიდან ჩამოსულებს ხვდებათ ეს სოფელი არა თავისი უდიდესი ცოდვებით, არამედ ჩვეულებრივი, ჩვეული არასრულყოფილებებით; და ეს შეხვედრა ძალიან მძიმეა, - მძიმეა სასუფევლიდან ამ სოფელში დაბრუნება.
ამგვარად, ფერისცვალება არის ხატი იმ ამბისა, როდესაც ადამიანს მიეცემა სასუფეველი აქ, ამ სხეულში მყოფს (გავიხსენოთ პალამას კამათები: შეიძლება თუ არა სხეულში მყოფმა ადამიანმა იხილოს ღვთის ხელთუქმნელი ნათელი? პალამა პასუხობდა დადებითად); და შემდეგ, ირკვევა, რომ ეს ჯერ არ არის ის ზეციური იერუსალიმი, სასუფევლის საბოლოო დადგომა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ზეციური იერუსალიმი გარდაიქმნება თაბორის მთად, რომლიდანაც უნდა ჩამოხვიდე, დაუბრუნდე ამ სოფელს, განაგრძო ცხოვრება, ატარო ჯვარი და შემდეგ ახვიდე გოლგოთაზე; და მხოლოდ გოლგოთის შემდეგ მოხდება შესვლა სასუფეველში.
ამის მაგალითები ჩვენ არაერთი ვიცით ეკლესიის სულიერი გამოცდილებიდან.
გავიხსენოთ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს შეხვედრა თავის მოწაფეებთან. იოანეს სახარების მიხედვით, იესომ სამჯერ ჰკითხა პეტრეს: „გიყვარვარ შენ მე?“ და სამჯერ მიიღო პასუხი : „ხო, უფალო“. „დამწყემსე ჩემი ცხვრები“ სამჯერ უთხრა მან პეტრეს. მკვდრეთით აღმდგარი უფლის ხილვა და მასთან საუბარი ეს ხომ სასუფეველია, მოსული ძალად. ეს ხომ დამარცხებაა ბოროტის, და მას თან ახლავს არაამქვეყნიური სიხარული. მაგრამ, ამავე დროს მოწაფეთათვის ეს სასუფეველი გარდაიქმნება თაბორად: ეს სასუფეველია, ღვთის ნათელის ხილვაა, დიდი სიხარულია, მაგრამ მას მოსდევს ჩამოსვლა, დაბრუნება ამ სოფელში. წინ არის გეთსიმანია და გოლგოთა. და მაცხოვრის სიტყვებში ეს ჩანს. რას ეუბნება მაცხოვარი პეტრეს? რას ჰპირდება მას მისი მსახურებისთვის? პეტრე დამწყმსავს ცხვრებს ეკლესიას, მაგრამ რას მიიღებს ის სანაცვლოდ? ამ სოფელში კარგს არაფერს! მას შეკრავენ და წაიყვანენ იქ, სადაც მას არ უნდა. ეს იქნება მისი გოლგოთა.
ეკლესიის მთელი ისტორიაც არის სწორედ ზეციური იერუსალიმის თაბორად გადაქცევა. გავიხსენოთ პირველი ეკლესია: სულთმოფენობა და მის შემდეგ არსებული სრული სიხარული, რომელიც არაფრით არ იჩრდილებოდა. ამ დროს სწორედ სასუფეველი, უფლის დღე მოდის ძალაში და პეტრე მოციქული იოველ წინასწარმეტყველის სიტყვებს იხსენებს: „იქნება უკანასკნელ დღეებში, მოვფენ ჩემი სულისაგანყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ ძენი თქვენნი და ასულნი თქვენნი“ (საქმ. 2:16-17). მაგრამ ამის შემდეგ, ეკლესია, რომელიც არის სასუფეველი ღვთისა ამ ქვეყანაზე, ეჯახება ამ სოფელს და შემოდის ჯვარი და გოლგოთა და ჩნდება პირველი მოწამე. ეკლესია ჩამოდის თაბორის მთიდან და შეუდგება გოლგოთის ძნელ გზას.
_______________________
[**1] ბევრი გეტყვით, რომ ფერისცვალება 19 აგვისტოს იდღესასწაულება, რაც არასწორია. ეკლესია დღესასწაულობს 6 აგვისტოს, ოღონდ იულიანეს (ძველი) ან გრიგორიანული (ახალი) კალენდრის მიხედვით. მაგალითად, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის საპატრიარქოები, ელადის და რუმინეთის ეკლესიები დღესასწაულობენ ახალი კალენდრით 6 აგვისტოს, ხოლო საქართველოს, რუსეთის და იერუსალიმის საპატრიარქოები ამ თარიღს დღესასწაულობენ ასევე 6 აგვისტოს, ოღონდ ძველი კალენდრით. განსხვავება ორ კალენდარს შორის 20-ე და 21-ე საუკუნეებში შეადგენს 13 დღეს, ანუ, როდესაც ძველი კალენდრით 6 აგვისტოა, იმავე დღეს ახალი კალენდრით 19 აგვისტოა. ვინაიდან საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად ორივე კალენდარს ერთდროულად მისდევს, ანუ ძველ კალენდარს ღვთისმსახურებაში, ხოლო ახალ კალენდარს სადაგ მეტყველებაში, ამიტომ იმის მაგივრად, რომ ითქვას, „ჩვენ ვდღესასწაულობთ 6 აგვისტოს ძველი კალენდრის მიხედვით“, ითქმის, „ვდღესასწაულობთ 19 აგვისტოს“, რაც ძველი და ახალი კალენდრის აღრევაა. ასეთივე აღრევაა იმის განცხადება, რომ მართლმადიდებლური შობა 7 იანვარსაა; ქრისტე ხომ ოცდახუთ დეკემბერს იშვა ბეთლემში.
[***2] ის, რომ შეუძლებელია ადამიანმა ღმერთი პირისპირ იხილოს და ცოცხალი დარჩეს, ბიბლიური აზროვნების უმთავრესი ნიშანია. ამ ტრადიციას განსაკუთრებით ცხადად ვხედავთ გამოსვლათა წიგნში:
„თქვა მოსემ: მაჩვენე შენი დიდება.
თქვა ღმერთმა: ... ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას. არ შეუძლია ადამიანს მიხილოს მე და ცოცხალი დარჩეს.“ (გამოსვლ. 33:18-20)
Комментариев нет:
Отправить комментарий