მოგესალმებით!

пятница, 17 августа 2018 г.

გოდერძი ჩოხელის გახსენება






ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა.

„მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. დავიბადე საქართველოს მთაში, გუდამაყრის ხეობაში. ჩემს სოფელს ჩოხი ჰქვია, ჩემს სალოცავს - ჩოხის წმიდა გიორგი. გუდამაყრის ხეობაში შავი არაგვი, ოღონდ არა ბოროტად, კეთილად მოედინება. დედა ჩემთვის ის ანთებული სანთელია, რომელიც საიქიოდანაც კი მინათებს სააქაოს. რომ არა დედაჩემი და მისი მადლი, მე დღეს არავინ არ ვიქნებოდი და, თუკი რამ კარგია ჩემს არსებობაში, სწორედ ეს არის დედაჩემის ფენომენი“, - წერდა გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობაში „ანგელოზთღამეობა“. მწერლის მთელი ცხოვრება დედის, ლელა წიკლაურის სიყვარულით იყო სავსე. ქალის, რომელმაც მთის მკაცრ პირობებში, უზომო ჯაფითა და სიყვარულით, მარტომ გამოზარდა ორი შვილი.

ფასანაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გოდერძი ჩოხელმა 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა“, „ადგილის დედა“, „ადამიანთა სევდა“, „წერილი ნაძვებს“, „ცოდვის შვილები“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“...
გოდერძი ჩოხელის ფილმებს ბევრი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის - 1982 წელს გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი.
1981 წლიდან გოდერძი ჩოხელი მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.1980 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“, რომელსაც წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა.
გოდერძი ჩოხელს გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“ „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“, „ბედი მდევარი“, „შავი არაგვი“, რომელიც არაერთ ენაზეა ნათარგმნი. რომანები - „მგელი“ და „მღვდლის ცოდვა“.

რვა წლის ყოფილა, როცა გოდერძი ჩოხელს თავისი ცხოვრების მეგზური სიზმრად უნახავს: წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათზე მჯდარს, ქვემოთ, ხალხში უცნობი, ლამაზი გოგონა შეუნიშნავს, ძირს ჩამოდიო, - ემუდარებოდა. გოდერძის, პირიქით, გუმბათზე ამოდიო, დაუპატიჟებია. როგორ ამოვიდე, ფრენა რომ არ ვიციო? - გაჰკვირვებია ლამაზ გოგოს. თუ მოინდომებ, ამოფრინდებიო! - უთქვამს გოდერძის და გაღვიძებია.
სიზმრად ნანახ გოგონას 1982 წელს ტელევიზიაში შეხვდა, სადაც ნინო მელაშვილი ჟურნალისტად მუშაობდა. ჯვარი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაიწერეს და პირველი შვილი ლუკაც იმავე მონასტერში მონათლეს. მალე მეორე ვაჟი ნიკაც შეეძინათ.
გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ის იმავე სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს, სადაც ჯვარი დაიწერა


Posted: 10/10/2014 in გოდერძი ჩოხელი  რატომ ტირის ადამიანი?
0
ggg– რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა…
– მაინც?
– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…
– მერე, რა გატირებს?
– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია, როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა…
– რატომ?
– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…
– მერე შენ ამის გეშინია?
– შენ არ გეშინია?!
– რისი უნდა მეშინოდეს?!
– დასასრულის…
– დასასრული არ არსებობს..
– როგორ თუ არ არსებობს?!
– რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…
– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?
– ეშინიათ და იმიტომ…
– რისი ეშინიათ?
– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…
– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…
– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
– მაშ, რატომ?
– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…
– ეგ რამ გაფიქრებინა?
– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…
– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…
– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?
– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…
– იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…
– მერე აღარ იტირებს?
– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.
– დაწერე რა..
– რა?
– მოთხრობა დაწერე ჩემზე…
– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
– არა. იცი, როგორ დაწერე?
– როგორ?
– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…
– მერე?
– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..
– მერე?
– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?
…..
დავწერე

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი