ბლოგი შექმნილია იმისათვის,რომ გაგიზიაროთ ჩემი თვალსაწიერიდან დანახული განათლების სისტემა,მისი დადებითი თუ პრობლემური საკითხები. საინტერესო იქნება ასევე საუბრები თუ რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის რეალობას.მნიშვნელოვანია თუ არა რეფორმების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა.ასევე თქვენთან ერთად მინდა ვიმსჯელო და განვიხილო მასწავლებელთა პიროვნული დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი. იმედია გავუგებთ ერთმანეთს და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ!!!
მოგესალმებით!
суббота, 4 апреля 2020 г.
среда, 1 апреля 2020 г.
воскресенье, 17 ноября 2019 г.
пятница, 1 ноября 2019 г.
რთული მშობლები
რთული ბავშვის ცნება ყოველთვის არსებობდა, არსებობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც იარსებებს. პედაგოგები, მშობლები, ბავშვთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანები ხშირად საუბრობენ რთული, პრობლემური ბავშვების შესახებ. თუმცა იშვიათად, რომ რთული მშობლების საკითხს შეეხოს ვინმე. და ეს მაშინ, როდესაც ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების უდიდესი წილი სწორედ რთული მშობლებისგან მომდინარეობს.
როგორი მშობლები შეიძლება გავაერთიანოთ რთული მშობლების კატეგორიაში?
- „გულუხვი“ მშობლები. „ჩემს შვილს არაფერი არ უნდა აკლდეს“ – ასეთია მათი დევიზი. საინტერესოა, რომ მათ შორის არიან არა მხოლოდ შეძლებული ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც შემოსავლით არ გამოირჩევა. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს სასურველი, განურჩევლად იმისა, სჭირდება თუ არა. ასეთი მშობლები „სიყვარულის“ ცნებას „ყიდვის“ ცნებით ანაცვლებენ. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მეტი ყურადღება მიაქციონ, მეტი დრო გამონახონ მასთან ურთიერთობისათვის, გამოხატონ მის მიმართ სიყვარული, სითბო, არ მოაკლონ ალერსი, ისინი ყიდულობენ ძვირფას ნივთებს და ძვირად ღირებულ სათამაშოებს. არაცნობიერად – და ხშირად ცნობიერადაც – ასეთი მშობლები თავიანთ საქციელს იმით ხსნიან, რომ ბავშვი თავს შეიქცევს ამ სათამაშოთი და უფროსებს მუშაობასა და დასვენებაში ხელს არ შეუშლის. ისინი ძიძასაც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ – მას აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონდეს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და კარგად აღზარდოს ის. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათ შვილს უნდა ჰყავდეს საუკეთესო რეპეტიტორი, ტრენერი, ფსიქოლოგი და ექიმი. როცა ყველა აღნიშნულ საკითხს მოაგვარებენ, ისინი მშვიდად აგრძელებენ ფულის გამომუშავებას – ბავშვი ხომ იზრდება და მისი მოთხოვნილებებიც, ბუნებრივია, გაიზრდება; მომავალში მას დასჭირდება საუკეთესო, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, მანქანა, ბინა და უამრავი სხვა რამ ბედნიერი ცხოვრებისთვის. და თუ ვინმე შეეცდება, „გონს მოიყვანოს“ ასეთი მშობელი, პასუხად მიიღებს: „შეუძლებელია ხელმოკლე ადამიანი ბედნიერი იყოს“. თუმცა, ბავშვისთვის „ბედნიერი ცხოვრების“ შექმნის პროცესში მათ განზე რჩებათ მისი პიროვნების ფორმირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სითბო, სიყვარული, მშობლეთან ურთიერთობით განცდილი სიხარული. წლების წინ ერთმა მეშვიდეკლასელმა გოგონამ, რომელსაც მშობლები ძვირად ღირებული ნივთებით ანებივრებდნენ, სინანულით თქვა: „მე რომ დედა ვიყო, ჩემს შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“. გოგონას დედას ძალიან აწუხებდა შვილის ქცევა – აგრესია და უხეშობა არა მხოლოდ გარეშე ადამიანების, არამედ საკუთარი დედის მიმართაც. „ვერ გამიგია რა ემართება ამ ბავშვს, არაფერს ვაკლებ, ყველაფერი აქვს, რაზეც მისი თანატოლები ოცნებობენ, რატომ არის ასეთი უხეში და უმადური?“ – გაოცებას ვერ მალავდა დედა. ბავშვს მართლაც ყველაფერი ჰქონდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სჭირდებოდა, მაგრამ აკლდა მთავარი – მშობლებთან ურთიერთობა, მათი ყურადღება. მუდმივად საკუთარი თავით, საკუთარი საქმეებით დაკავებულობის გამო ისინი ვერასოდეს იცლიდნენ შვილთან ურთიერთობისთვის, მასთან საუბრისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა – ბავშვი გახდა მოჩხუბარი, აგრესიული, უხეში და „რთული“.
- „მშფოთვარე“ მშობლები – ასეთი მშობლებისთვის ბავშვთან დაკავშირებული ყოველი აზრი განმსჭვალულია შიშით და განგაშით – „ის შეიძლება გაცივდეს, ის შეიძლება წაიქცეს და რაიმე იტკინოს , შეიძლება რამემ ან ვინმემ შეაშინოს“ – და ა.შ. ერთი შეხედვით, უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი მშობლების შვილები მართლაც სხვებზე ხშირად ცივდებიან, მუდმივად ეშინიათ სიბნელის, ექიმების, ცხოველების და ა.შ. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, არაფერია გასაკვირი, რადგან დედის შიში და შფოთვა ადვილად გადაეცემა შვილს. „მშფოთვარე“ მშობელი ყველაფერს შვილის მაგივრად აკეთებს. ბავშვი შესაძლოა ერთხანს პროტესტს გამოხატავდეს დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევა და საბოლოოდ შესაძლოა სიამოვნებდეს კიდეც, რომ მის პრობლემებს მშობლები აგვარებენ. შესაძლოა, სწორედ ასეთი მშობლების წყალობით დამკვიდრდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „დედიკოს ბიჭი“, „მამიკოს გოგო“.
- „დაღლილი“ მშობლები – ამ ტიპის მშობლები ოჯახური ცხოვრებით ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იღლებიან. ხშირად მათი დაღლილობის მიზეზია ქორწინებამდე ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული მოლოდინების რეალობასთან შეუთავსებლობა, ოჯახური ცხოვრებით განხიბვლა „მკაცრ და რთულ ყოველდღიურ ცხოვრებასთან“ შეჯახების შემდეგ, ინტერესის დაკარგვა ცოლქმრული ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდის მიმართ. ასეთი მშობლები შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობისას ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ნუ დარბიხარ!“; „ყველგან ნუ მიძვრები!“; „როგორ დამღალე!“; „როგორ მომაბეზრე თავი!“; „ახლა დაგსჯი!“ გვახსოვდეს, რომ ყველაზე მტკივნეული ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც უყურადღებობაა, მეტადრე – საყვარელი ადამიანების უყურადღებობა. გარშემო მყოფთა ყურადღება რომ დაიმსახუროს, ბავშვი ყველაფრისთვის მზად არის. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება, თუნდაც ჩხუბი და დასჯა. ადამიანს ყველაზე მეტად გულგრილობის ატანა უჭირს. მას ურჩევნია, ეჩხუბებოდნენ, საყვედურობდნენ, კიცხავდნენ, ვიდრე არაფრად აგდებდნენ. ამიტომ, როცა ბავშვი მშობლების უყურადღებობას, გულგრილობას აწყდება, ხშირად ცუდად იქცევა – მან ჯერ არ იცის, სხვაგვარად როგორ შეიძლება მშობლების ყურადღების მიპყრობა.
- „პერფექციონისტი“ მშობლები. „შენ საუკეთესო უნდა იყო! – აი, მათი დევიზი შვილთან ურთიერთობისას. ასეთ მშობლებს, როგორც წესი, აქვთ ორი უმაღლესი განათლება, მუდმივად ოცნებობენ დისერტაციის დაცვასა და პრესტიჟულ სამსახურზე. მათ ბავშვი შეჰყავთ „ყველაზე პრესტიჟულ“ საბავშვო ბაღში, სადაც პატარები გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურს – და არამხოლოდ მას. მზად არიან, პრესტიჟულ სკოლაში მოსახვედრად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ატარონ შვილი, არც რეპეტიტორების დაქირავებაზე იტყვიან უარს, რათა მათი შვილის ცოდნის დონე სკოლის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. „პერფექციონისტი“ მშობლების აზრით მათი შვილი მხოლოდ უმაღლეს შეფასებას უნდა იმსახურებდეს. სასკოლო პროგრამაც „ვუნდერკინდს“ უნდა ზრდიდეს. ასეთი მშობლები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც, მათი აზრით, არ სურთ გაგებით მოეკიდონ მათი შვილის თავისებურებებს. აცხადებენ, რომ ისინი განგებ ტვირთავენ ბავშვს სრულიად „უსარგებლო და პრიმიტიული“ საგნებით, რომლებიც მას ბევრ დროს ართმევს, ხელს უშლის წარმატებაში და აქვეითებს მისი აკადემიური მოსწრების საერთო მაჩვენებელს.
- „ხელმოცარული“ მშობლები. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთი მშობლები, ერთი შეხედვით, ბევრს აღწევენ, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მათ ქცევაში აშკარად დავინახავთ რომელიმე აუხდენელი ოცნების კვალს. პროფესიული სპორტი, დიდი სცენა, პოდიუმი, სამხატვრო ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – ყველაფერ ამის მიუღწევლობა მოსვენებას უკარგავს ამბიციურ მშობელს. ოდესღაც სიზარმაცემ, არამოტივირებულობამ, საჭირო მხარდაჭერის უქონლობამ სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზებთან ერთად არ მისცა მას ოცნებების ახდენის საშუალება. სამაგიეროდ, ცდილობენ, მათ შვილებში შეასხან ხორცი. არ აინტერესებთ, უნდა თუ არა ბავშვს იმის კეთება, რასაც მისგან მოითხოვენ – დაჰყავთ მუსიკაზე, სპორტზე, გაძლიერებულად ასწავლიან ცალკეულ საგნებს… ეს მაშინ, როცა ბავშვს შესაძლოა არც ინტერესი ჰქონდეს და არც შესაძლებლობა იმის გასაკეთებლად, რასაც მისგან ასე დაჟინებით მოითხოვენ. მშობლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვს ხშირად უწევს უარის თქმა თავის გატაცებებზე, გართობაზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე. ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მივიღოთ შედეგად – ნერვული სისტემის გამოფიტვა, ნევროზი, ფსიქოსომატური დაავადებები.
- „მანიპულატორი“ მშობლები. ასეთი მშობლებისთვის ბავშვი გარშემო მყოფებზე – მეუღლეზე, მშობლებზე, ნათესავებზე – ზემოქმედების იარაღია: „ეს მე კი არ მჭირდება, ბავშვისთვისაა საჭირო“. ამასთან, რაც უფრო უსუსურია ბავშვი, ოჯახის სხვა წევრებზე ზემოქმედების მით მეტი შესაძლებლობა აქვს მშობელს. ხანდახან მშობლები ამ გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ დესტრუქციული ოჯახი. ბუნებრივია, როცა ბავშვი დაბადებიდანვე იმყოფება ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები აქვთ, იზრდება გარემოში, სადაც არავითარი ფსიქოლოგიური კომფორტი არ არის, ის ცნობიერად თუ არაცნობიერად გაურბის რეალობას. ცუდად სწავლობს ან საერთოდ თავს ანებებს სწავლას, უჩნდება მიდრეკილება ასოციალური ქცევისკენ, ურთულდება გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. მშობლები შეწუხებულები შესჩივიან გარშემო მყოფებს: „ნეტავი ვის დაემსგავსა, საოცრად რთული და აუტანელი ბავშვია!“ – და არც ერთ მათგანს არ მოსიდის აზრად, რომ ბავშვი კი არა, თვითონაა პრობლემური.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულ ბავშვებზე საუბრისას და მათი ქცევის მიზეზების ძიებისას კარგი იქნება, თუ შევისწავლით მშობლის ბავშვთან დამოკიდებულების თავისებურებებს, მისი აღზრდის სტილს და საჭიროების შემთხვევაში, უპირველესად, მას გავუწევთ დახმარებას, ვინაიდან რთული ბავშვის ქცევა, როგორც წესი, რთული მშობლის ქცევის უშუალო შედეგია.
воскресенье, 20 октября 2019 г.
წაკითხულის გააზრება
გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ანაბარი“ ყოველდღიური რუტინული საყოფაცხოვრებო პრობლემების საინტერესოდ აღწერის გარდა მკითხველს მორალურ – ეთიკური პრინციპებითაც აოცებს.
მიუხედავად პიროვნული თავისებურებისა და ცხოვრებისეული სირთულისა, აქ ნათლად ჩანს, როგორ ემარტივება ნამდვილ ადამიანს სუფთა სინდისთან და პირგაუტეხელობასთან გვერდიგვერდ ცხოვრება.
მოთხრობის დასაწყისიდანვე იქცევს ყურადღებას ცოლ – ქმარს შორის გამართული დიალოგი, რომელიც მთის კაცის, როგორც ოჯახში დომინანტის, ფუნქციას საინტერესოდ წარმოაჩენს.
ქართული მწერლობა კარგად იცნობს მსგავს ფაქტებს. მაგ, „შუშანიკის წამებაში“ ვარსქენი გამუდმებით აყვედრის და ეკამათება მეუღლეს მისი ნების წინააღმდეგ სვლის გამო და ძალადობს კიდეც მასზე.
მოთხრობაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ( ტრადიციულიც კი) – ეს ცხენის კულტის გაფეტიშებაა. ცხენისა და მხედრის ურთიერთობას უძველეს წარსულში აქვს ფესვები გადგმული. გავიხსენოთ, რა უცებ მომჯობინდა ლომ – ვეფხვთან ნაბრძოლი და გონდაკარგული ტარიელი ცხენზე შეჯდომის შემდეგ. ცხენის ქურდობასთან დაკავშირებული მეგრული ტრადიციაც გავიხსენოთ, რომელიც რაინდულ სამოსელშიც კი იყო გახვეული და მპარავს სულაც არ აკნინებდა.
როგორც ჩანს, ისეთი მთის კაცისთვის, როგორიც ბასილაა, კარგი ცხენის ყოლა სიმბოლურად სიამაყესაც უკავშირდებოდა და, რა თქმა უნდა, ცხვარ–ძროხაზე ძვირად ფასობდა.
კითხვამ შეიძლება ისე გაგვიტაცოს, ერთი მიჩქმალული დეტალი გამოგვრჩეს, რომელიც ბასილას სოფლის კეთილმეზობლობას ადასტურებს: „გადადი და ქორაანთ ოთხმოცი კილო მატყლი ესესხე“, „გადადი, აკეენთ გამოართვი სესხად ძროხა, უთხარი, ექვს ცხვარს მოგცემთ შემოდგომაზეო“. აქვე ერთი ხალხური ანდაზა მახსენდება: „ კარგი მეზობელი ამომავალ მზეს ჯობიაო“.
ამ პატარა მოთხრობას, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი უფრო ამაღელვებელს ხდის: ცხენმა ბასილას სიკეთე არ მოუტანა და უფსკრულში გადაჩეხა ხატობიდან მობრუნებული. კარგავს ბასილას ოჯახი მამა – მარჩენალსა და თავკაცს, ტოვებს ბასილა ოჯახს ვალებსა და სიდუხჭირეში, ამქვეყნად ერთხელ მოსული ერთხელ კვდება. ცხოვრების მოლიპულ ბილიკებზე ფეხი თავისი ცხენივით რომ ასრიალებოდა, ალბათ რამდენჯერმეც შეძლებდა სიკვდილს. ძალას იკრებს და არა და არ ამხელს საბრალო ჯარისკაცის მიერ შესანახავად მიბარებული ქოთანი ოქროს ადგილს და ამ საიდუმლოსთან ერთად კვდება.
ზოგი მკითხველი იფიქრებს, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ბასილას სიკვდილისშემდგომ მოსალოდნელი სასჯელის შეეშინდა და ამიტომ არ ახლო ხელი სხვის ოქროსო, მაგრამ მას ხომ არც სიკვდილამდე დაუკლია მისთვის რამე და საკუთარი სინდისივით უფრთხილდებოდა! ( როგორც არ უნდა აღიქმებოდეს, ბასილამ ექვთიმე თაყაიშვილი გამახსენა. მერე რა, რომ პირველი პატარაზე პატარაა ამქვეყნად და უძეგლოდ დაკარგულიც, მეორე კი ბუმბერაზი).
მოთხრობა სევდისმომგვრელია. განსაკუთრებით მისი დასასრული – ბასილას ნასახლარის კედლის ქვებში ვიღაცამ ოქრო იპოვა (იმედია „ძუნწი და ოქროს“ პერსონაჟივით არ მოიქცევა) და მიითვისა.
საინტერესო პერსონაჟია ბასილა. დიალექტი კი, რომლითაც მწერალი მას, უძველესი წარმართული ნაყოფიერებისა და გამრავლების ღვთაების მოსახელეს, ამეტყველებს, უფრო კოლორიტულს ხდის. ის, ერთი შეხედვით, უსამართლო, ახირებული და შეუვალი კაცია, ვისთვისაც ოჯახის წევრის აზრი უმნიშვნელოა. ის ცოლს უცხოს წინაშეც შეურაცხყოფს: „რამდენს ლაპარაკობ შენა?“, „ვის ველაპარაკები მენა?“, „საცემრად გაედევნა ცოლს ბასილაი“.
ცოლი, თავის მხრივ, ქმართან სამართლიან დაპირისპირებას ცდილობს, რათა ახირება გადაათქმევინოს და მარჩენალი ძროხა ხელიდან გამოსტაცოს, თუმცა ვერაფერს ხდება – ქმარი ხმას აკმენდინებს და მეზობლებში ვალის ასაღებად იძულებით გზავნის.
ბასილა ამაყიცაა. ბუნებითი სიკვდილით რომ გარდაცვლილიყო, ალბათ სიკვდილთანაც აიყრიდა ფაფარს, თუმცა ახლა ისე კვდება, არაფერს ნანობს – ტექსტში ვერსად შეხვდებით სიკვდილის შეგინებას, თუმცა არც სიცოცხლის ქება ისმის. გრძნობს ბასილა საღარას ბედისწრობას, ეს ცხენი მისთვის გაჭენებული, დაუდგრომელი, წერტილდასმული დროის სიმბოლო აღმოჩნდა. გრძნობს, რომ მოსახდენი მოხდა და ეგუება ( მით უმეტეს, ხატობა დღეს მოხდა).
ეს პატარა მოთხრობა, როგორც ვთქვით, მორალურ – ეთიკური პრინციპებითაა დახუნძლული – სინდისიერება, პატიოსნება, სხვისი ქონების გაფრთხილება, სულიერი გამარჯვება, ნდობა – რას არ იპოვით აქ?! ეს ყოველივე კი ბასილას აღამაღლებს და თავისი ზოგიერთი მიუღებელი საქციელის გამო უკვე აღარ იწვევს ბრაზსა და სიძულვილს.
გ. ჩოხელის ამ პატარა მოთხრობაში ერთი უბრალო პერსონაჟის პირით ორ წინადადებაშია გაცხადებული კაცობრიობის უდიდესი თავსატეხი: „ შეიძლება მობრუნდეს!“, „იმის არყოფნას რა ვუთხრა?“ ბასილამ იცის, ოქროს პატრონი მკვდარია, თუმცა გრძნობს, არც არსად წასულა – მის ნაკვალევზე მისივე არყოფნა დაიარება. აქ არყოფნად მოვლენილს იქ შეიძლება პირისპირ შეხვდეს. მერე რა უთხრას, ანაბარი გაგინიავეო?
მოთხრობის მთავარი სათქმელიც ესაა – სააქაოში სახელზე ზრუნვა! „ კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს, – ამბობს ჩვენი ერი, – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლებელი“ – წერს ილია ჭავჭავაძე. ნათქვამია, სახელი ალამაზებსო ადამიანს და მეც ასე ლამაზად ჩამრჩა გონებაში ბასილას ყოველდღიურობა, სახელზე ზრუნვა და აღსასრული.
პირველი, რაც კითხვის დასასრულს გამახსენდა, ავთანდილის ანდერძი იყო „ვეფხისტყაოსნიდან“. აი, ის ეპიზოდი, როსტევან მეფეს რომ ეუბნება, არ წავალ ტარიელის საშველად, პირს გავტეხ, ის იქაა, მე აქ, სააქაოში ერთმანეთს აღარც შევხვებით, თუმცა საიქიოში ჩვენი შეხვერდა გარდაუვალი იქნება და შევრცხვებიო: „ვერ ვეცრუები, ვერ ვიზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის – პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა“.
ტექსტი დაწერილია ადვილად აღსაქმელი მარტივი სასაუბრო ენით. მწერალი მხატვრული ოსტატობით (ეპითეტებით: „წითელი ცხენი“, „მთვარლი ბასილა“, ფრაზეოლოგიზმებით: „ბასილა სიძის უნახავად გაშრა“, „უფსკრულში ელვასავით გადაენთო“, დიალოგური მეტყველებით) შთამბეჭდავად ახერხებს სათქმელის საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოცემას. კილოური მეტყველება კი (გამაიყვანე, მენა, შენა, იყვეს) მას კოლორიტულობას სძენს და სასიამოვნოდ აღსაქმელია.
ჩემი აზრით, ტექსტში მრავალი სადისკუსიო საკითხია. მაგალითად, ვფიქრობ, ბასილას ის ოქრო კეთილი საქმეებისთვის უნდა მოეხმარა. ზოგიერთი პრინციპის ფანატიკური გაიდეალება დამაზიანებელიც შეიძლებ გახდეს.
მეორე, ბასილას გენდერული უთანასწორობის პროპაგანდას ვუწუნებ. მიმაჩნია, რომ ეს მისი ყველაზე დიდი ნაკლია.
დაბოლოს, მოთხრობის სათაური „ანაბარი“ მწერლის მიერ სიმბოლურად შერჩეული სიტყვა მგონია, რომელიც მხოლოდ დაგროვილი თანხის შენახვას კი არ გულისხმობს, არამედ უფრო ძვირფასი ღირებულებებისას, რომელიც სხვათა სიკეთისთვისაც უნდა გამოვიყენოთ.
пятница, 20 сентября 2019 г.
среда, 11 сентября 2019 г.
არსებობს ათეულობით თეორია იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა ასწავლოთ შემდეგ თაობებს და როგორი მეთოდოლოგია არის უკეთესი ჩვენს დროში. ამ საკითხის შესახებ უამრავი ნაშრომიც დაწერილა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ავტორია რიჩარდ მილვუდი, დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მოწვეული მკვლევარი. მან კვლევის შედეგები გრაფიკულად, მოკლე-მოკლედ წარმოადგინა, რითაც მისი შრომატევადი სამუშაო კიდევ უფრო ეფექტური გახადა.
1. ინსტრუქტივიზმი
სწავლა/სწავლების პროცესში ცენტრალური ფიგურაა პედაგოგი, რომელიც ცოდნას უშუალოდ მოსწავლეს/სტუდენტს გადასცემს.
2. მრავალმხრივი ინტელექტი
სწავლების გზები განსხვავებულია და ერთმენთისგან დამოუკიდებელი, მრავალმხრივი ინტელექტი არის შესაძლებლობათა კორელაციის შედეგი.
3.ექსპერიმენტული სწავლება
ცოდნა მუდმივად გროვდება, როგორც პირადი გამოცდილებით ისე გარე სამყაროში მომხდარი მოვლენების გავლენით. აუცილებელია, მოსწავლე იაზრებდეს ამას და ორიენტირებული იყოს საკუთარი თუ სხვისი შეცდომების გათვალისწინებისკენ. უნდა გამოიყენოს ანალიტიკური უნარები, გამოცდილება და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ პრობლემას.
4. ცვლადი სწავლების სტილი
გულისხმობს ოპტიმალურ მიდგომას თითოეულ მოსწავლესთან.
5. სკოლის მოწინააღმდეგეთა საზოგადოება
„სკოლა აზიანებს განათლებას, მოსწავლე ხდება „გაწვრთნილი“ არსება“,- ასე სწამდა ივან ილიჩს, რომელიც თავის წიგნში ინსტიტუციონალური განათლების არაეფექტურობაზე საუბრობს. მისი მიზანი იყო დაემკვიდრებინა მეთოდი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეს საკუთარი შეგნებით, პიროვნების მისწრაფებების მიხედვით შეეძლებოდა განათლების მიღება.
6. საშინაო სკოლები
უპირველეს ყოვლისა, მოზარდის განათლებაზე პასუხისმგებელი ოჯახია და რეალურად არსებობს სახლში ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნისა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის განხორციელების შესაძლებლობა.
7. სწავლება სკოლის გარეშე
ესაა საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც გულისხმობს განვითარებას ცხოვრებისეული გამოცდილებით. ამასთან, დაშვებულია პერიოდულად სხვადასხვა კურსების გავლაც, თუმცა ეს მთლიანად დამოკიდებულია მოზარდის ინტერესებზე. ამ ფილოსოფიური მიდგომის მიხედვით, ინდივიდუალური მიდგომა ბევრად უფრო სასარგებლოა მოზარდისთვის. აღსანიშნავია, ისიც, რომ მოსწავლე თავად არიან ჩართულნი მათთვის განკუთვნილი აქტივობების შექმნაში.
8. კრიტიკული პედაგოგიკა
საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელსაც საფუძვლად უდევს სულიერ მღელვარებაზე დაფუძნებული პრინციპები. მისი მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ თავისუფლების იდეა, აღიარონ ავტორიტარული ტენდენციები, დააკავშირონ ცოდნა სიძლიერესთან და განივითარონ კოსტრუქციული მოქმედებების უნარი.
9. ინტერპერსონალური ურთიერთობები
არსებობს პედაგოგების რამდენიმე ტიპი, მაგალითად, „ლომი“, „მომთვინიერებელი“, „რომანტიკოსი“. მათ ყველა მოსწავლესთან ერთნაირი მიდგომა აქვთ. ზოგი ერთმნიშვნელოვნად ლმობიერია, ზოგიც – მკაცრი.
10. მონტესური განათლება
მთავარი პრინციპი შერეული ასაკის ბავშვების ერთ საკლასო ოთახში განაწილებაა. მაგალითად, 3-6 წლის ბავშვებს ერთ კლასში, ერთსა და იმავე დავალებების შესრულება მოუწევთ. სწავლების მეთოდი კი გულისხმობს არაპირდაპირ სწავლებას. მოსწავლემ თავად უნდა აღმოაჩინოს და გაიკვალოს გზა სწორ პასუხამდე.
11. სამეცნიერო პედაგოგიკა
მეცნიერებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ცვლის და ავითარებს ინდივიდს.
12. ექსპერიმენტული განათლება
პროცესი, რომელიც მასწავლებელსა და პედაგოგს შორის მიმდინარეობს და ინსპირირებულია გამოცდილების დაგროვებით.
13. კონსტრუქციონიზმი
არსებულ ცოდნაზე ახალი ცოდნის დაშენება და სრულყოფა მოდელის მთავარი მიზანია. გაკვეთილის პროცესში დაუშვებელია მოსწავლის პასიურობა.
14. სოციალური კონსტრუქტივიზმი
სწავლების თეორიის მიხედვით, სოციალური მოლაპარაკება ურთიერთქმედების საფუძველია.
15. რადიკალური კონსტრუქტივიზმი
ცოდნას განიხილავს,როგორც მენტალურ წარმომადგენელს: ცოდნა ღრმავდება შემეცნების გზით და არაა დამოკიდებული კომუნიკაბელურობასა თუ ინტროვერტობაზე. ის სუბიექტურია, ადაპტაციური და მორგებული ცხოვრებაზე.
16. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
სასწავლო პროცესი, რომელშიც ერთიანდება რამდენიმე სასკოლო საგანი. მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას (პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი, გლობალური). მოცემული პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზების პოვნის შემდეგ აკეთებენ მულტიმედია პრეზენტაციებს მოძიებული მასალების პრეზენტაციისათვის მოსწავლეები გვიჩვენებენ რა ისწავლეს, როგორ ითანამშრომლეს ერთმანეთთან, აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს.
17. გენეტიკური ეპისტომოლოგია
ადამიანი ცხოვრების განმავლობაში 4 ეტაპს გადის: სენსორმოტორული (0-2 წლამდე ), პრეოპერატიული (2-7 წ), ოპერატიული (7-11 ) და ფორმალურად ოპერატიული (11 + ) ამ ეტაპების გავლისას ის აგროვებს ასაკის შესაბამის გამოცდილებას და უყალიბდება ფსიქიკა. განსაკუთრებული მიდგომებით კი ფსიქიკური სქემის შეცვლაც შესაძლებელია.
18. პროქსიმალური განვითარების ზონა
შესაძლებლობების არეალი, რომლის გამოვლენაც მოსწავლეს მასწავლებლის მხარდაჭერით შეუძლია.
19. „საყრდენის“ მეთოდი
სტუდენტის მხარდაჭერა სხვადსხვა საჭიროებების დროს, რომელიც მიზნამდე მისვლას გაუმარტივებს
20. აღმოჩენების გაკვეთილი
ცოდნის დაგროვება ჰიპოთეზებისა და ტესტირების გზით.
21. მრავალმნიშვნელოვანი სწავლება
ახალი ცოდნის მიღება ძველი ცოდნით.
22. ოსტატური (სამაგისტრო) სწავლება
თითოეული მასალა სტუდენტებს ეხმარება გახდნენ უფრო მაღალკვალიფიციურები.
23. საგანმანათლებლო მიზნები
შემეცნებითი, ეფექტიანი და ფსიქომოტორული – განათლების სპეციალისტები სტუდენტების მიღწევებს ამ სამ დომენს უკავშირებენ. მაღალ დონეზე სწავლება დამოკიდებულია პირველი დონის მიღწევებზე.
24. რადიკალური ბიჰევიორიზმი
სწავლების პროცესში წარმოქმნილ სტიმულებს ინდივიდი სხვადასხვაგვარად აღიქვამს. მისი განმეორების შემთხვევაში ძლიერდება სუბიექტის რეაგირება.
25. პრაქტიკოსთა საზოგადოება
ჯგუფის მთავარი მამოძრავებელია ვნება, სურვილი, რომელიც მათი რწმენით, საქმიანობასა თუ სწავლაში ეხმარება.
26. სიტუაციური სწავლება
ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ მეთოდს საფუძველი 1990 წელს ჯინ ლეივმა და ეთინ ვენგერმა ჩაუყარეს. მოდელის მიხედვით, სტუდენტების მოტივაციას ზრდის ჩართულობა ცხოვრებისეულ აქტივობებში, დაგროვებული პირადი გამოცდილება მათ სწავლის პროცესში ეხმარება.
27. საუბრის თეორია
მეცნიერული თეორია ხსნის, თუ როგორ მოქმედებს ურთიერთობა, საუბარი ცოდნაზე
25. კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება
გულისხმობს სწავლების დროს იმ უნარების და შესაძლებლობების გათვალისწინებას, რაც მსმენელს აქვს
29. პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება
მიდგომის მთავარი მიზანი პრობლემების მნიშვნელობის გააზრება და გადაჭრის გზების ძიებაა. ხშირი კვლევები და პროექტები ზრდის ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
30. სასწავლებელ ადგილზე დაფუძნებული სწავლება
თეორიის მიხედვით, გასათვალისწინებელია თუ რა მნიშვნელობისაა სასწავლებელი ადგილი მსმენელისთვის
31. კითხვებით სწავლება
სწავლების ფორმალური პროცესი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში და ორიენტირებულია კითხვების დახვეწისკენ.
სწავლების ფორმალური პროცესი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში და ორიენტირებულია კითხვების დახვეწისკენ.
32. კომბინირებული სწავლება
ტრადიციული აკადემიური გაკვეთილების ალტერნატივა, რომელიც კომბინირებული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს
ტრადიციული აკადემიური გაკვეთილების ალტერნატივა, რომელიც კომბინირებული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს
Подписаться на:
Сообщения (Atom)
მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი
-
ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად შერჩეულ სტრატეგიას. ჭკვიანი მხედართმთავრები ითვალისწინებდნენ მის 6 ძირითად ელემენტს: ტემ...
-
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------...
-
წინადადება არის სიტყვა, ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს. ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე...


