ქართულ ლიტერატურაში ქალი პერსონაჟების როლი ძალიან მცირეა. უმეტესად მათ სიმბოლური დატვირთვა აქვთ და დედას, მაცდურს, მუზას ან მსხვერპლს, ხშირად დაჩაგრულ საქართველოს განასახიერებენ. გამონაკლისია რევაზ ინანიშვილის შემოქმედება, სადაც მწერალი განსხვავებულ, ძლიერ და საინტერესო გოგო პერსონაჟებს წარმოგვიდგენს. გარდა ამისა, ორივე სქესის გმირების რაოდენობა დაბალანსებულია. ვფიქრობ, რევაზ ინანიშვილს, სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ეს ხდის განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც ქალის გონიერების, ძალისა და სექსუალურობის შესაძლებლობა დაუშვა.
რეზო ინანიშვილის ბევრი მოთხრობა მიყვარს, ერთს მაინც ვერ ავირჩევდი, ამიტომ რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით, რომლებშიც მთავარი პერსონაჟები ქალები არიან.
ჩემთვის რევაზ ინანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, საინტერესო და განსხვავებული პერსონაჟია გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა (მოთხრობიდან „გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა“). ის მხოლოდ იმით იყო გამორჩეული, რომ ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ. ინანიშვილი აღგვიწერს იმ ზღაპრულ სამყაროს, რომელსაც მხოლოდ გოგონას თვალები ამჩნევს. მაგალითად, როდესაც ჩვენთვის ხე უბრალოდ ყვავის, მისთვის ყოველი კვირტი თოთო ბავშვივით იღვიძებს და თვალებს იფშვნეტს. სურათი, რომელსაც ინანიშვილი გოგონას ხედვით გვიხატავს, გვიჩენს სურვილს, ჩვენც შეგვეძლოს “მზის სხივებით სავსე უღრან ტყეში’’ მოვხვდეთ, სადაც ათასნაირი ფერის ჩიტები დაფრინავენ. ვფიქრობ, ბავშვისთვის შემოქმედებითობის უნარის განვითარება ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. ამ მოთხრობას კი მშობლებისთვისაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. გარდა ამისა, ეს ტექსტი აღუძრავს მათ სურვილს, იყვნენ გოგონასავით მამაცები. ღამეც ხომ მისი უშიშრობით იხიბლება და აჩვენებს სილამაზეს, რომელიც მის წიაღშია.
რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებებიდან კიდევ ერთი უსაყვარლესი გმირი ლარაა (მოთხრობიდან „ლარა“ ). მოთხრობაში ძლიერ, დამოუკიდებელ, დახვეწილ ქალ პერსონაჟს ვეცნობით, რომლის უპირობო ზრუნვა ისეთი ადამიანისადმი, როგორიც მამამისია, კიდევ უფრო მაღალ და ძლიერ პიროვნებად წარმოაჩენს ლარას. ის სხვებს არ ჰგავს, მისი ცხოვრების სტილი განსხვავებულია. ის არ ერევა ცნობისმოყვარე და სხვაზე “ჩურჩულ-პრუტუნის” მოყვარულ სამეზობლოში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ინანიშვილი ლარას სახით გვაჩვენებს იმ ცვლილებას, რომელიც მწერალს უნდა, რომ საზოგადოებაში დაინახოს. ამას კი ქალი პერსონაჟით აკეთებს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური გარემო, რომელიც გოგონებს საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ ასმევინებს, ხელს უშლის საზოგადოებას, განვითარდეს და ყველასათვის თანასწორუფლებიანი, სამართლიანი გარემო შექმნას. ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია. რევაზ ინანიშვილი ლარას პერსონაჟით გენდერთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ანგრევს. ქართულ ლიტერატურას სჭირდება მსგავსი სახეები, რათა მკითხველი გოგონები საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ.
რევაზ ინანიშვილი მოთხრობა „მეირაღის გოგონას ამბავში“ ქალის ხელით ცვლის სამყაროს. გოგონას უბრალო ქმედებით იარაღს ყვავილები ანაცვლებს და უბედურებაც მალევე იცვლება ბედნიერებით. ცოლის სიკვდილის შემდეგ მეიარაღეს პირველად ეღიმება, როდესაც შვილის მიერ მოტანილ ლარნაკში ჩაწყობილ ყვავილებს შეამჩნევს. “მან რაღაც უცნაური რამ იგრძნო. ეს თითქოს სინათლე იყო, სინათლე კი არა, სითბო იყო, სიწყნარე იყო, სურნელება იყო ერთდროულად.” დღევანდელ სამყაროში, სადაც იარაღი ატომია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეიარაღის გოგონების არსებობა, რადგან თანამედროვე იარაღმა შეიძლება სრულიად იმსხვერპლოს დედამიწა.
რევაზ ინანიშვილმა თავისი ჰუმანურობით ისიც შეძლო, რომ ძველი ქართველი ქალის მწუხარება შეეგრძნო („ძველი ქართველი ქალი“ ) და “კალოს ბზესთან ერთად განიავებული სილამაზე” დაიტირა. მოთხრობა “ძველი ქართველი ქალი” გაგრძნობინებს იმ უსამართლობას, რომელსაც პატარა ასაკში ძალადობით დაოჯახებული გოგონები განიცდიან. ეს პრობლემა რაიონებში დღესაც არსებობს. ასეთ ქალებს კი ხშირდ არჩევნის გაკეთების საშუალებაც არ აქვთ. “მეტი რა გზა მაქვს, ქართველი ქალი ვარ, დედ-მამის შვილი, ნათესავების პატრონი, ვაბივარ და ვტრიალებ…”. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი დღესაც ქალის „ღირსეულ“ ბედს ასე აღიქვამს. კიდევ უფრო სამწუხაროდ, ასე მოაზროვნე ოჯახში აღზრდილ გოგონებს თავიანთ ფუნქციად მხოლოდ ქმარსა და შვილებზე ზრუნვა მიაჩნიათ. თავს აიძულებენ დათრგუნონ საკუთარი ოცნებები, გრძნობები და ემოციები, განსაკუთრებით — სექსუალურობა. „გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირს კინოში რომ კოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!“ — ამბობს ფინალში ძველი ქართველი ქალი და ვფიქრობ, იმისთვის რომ გაქრეს ძველი დრო და დაიმსხვრეს ძველი სტერეოტიპები, ხშირად უნდა ვიკითხოთ რეზო ინანიშვილი, განსაკუთრებით გოგონებმა
Комментариев нет:
Отправить комментарий