სიყვარულის გრამატიკა
სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიო!
კიდევ ერთხელ ვაბრუნოთ აბსტრაქტული არსებითად არსებითი სახელი სიყვარული, შვიდივე ბრუნვაში და ბოლოს კიდევ ერთხელ მივხვდებით, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცით ამ გრძნობაზე, კიდევ ერთხელ მივხვდებით, რომ ამის ცოდნა უკვე ყვეალაფერია და ყველაფრის ცოდნა– არაფერი. ეს ფილოსოფიაა!
სიყვარული შვიდივე ბრუნვაში სასურველია და ნებისმიერ სინტაგმაში მოსაწონი.
სიყვარულს არ უხდება წარსული დრო, აწმყოსა და მოვალისთვისაა შექმნილი.
სიყვარულს უხდება სამივე პირი და ყველაზე მოხდენილი სწორედ მაშინაა, როცა მოქმედებას ან მდგომარეობას განიცდის.
სიყვარულს არ უხდება მრავლობითი რიცხვი, არც მხოლობითი და რა ცუდია, რომ ქართულს ორობითი რიცხვი არ აქვს.
სიყვარული ზედ არ ერთვის არაფერს, თვითონ ზედსართავსაც იხდენს, მაგრამ ყველანაირი სართავის გარეშეც გენიალურია.
სიყვარულს უხდება კუთვნილებითი ნაცვალსახელები, მარტო სიყვარულს უხდება ეგოიზმი.
ვერცერთი შორისდებული ვერ გამოხატავს სიყვარულის არსს, მას როგორც გრძნობას, მას როგორც აღტაცებას ან აღმაფრენას.
სიყვარული მართლა შედგება ბევრი ნაწილაკისგან და თვითონვე ქმნის ბევრ ფერად, ნათელ ნაწილაკს, რომელიც ტრიალებს ჰაერში, ასტრალში.
სიყვარული არის ყველაზე დიდი კავშირი, არა მაგრამ, არა რადგან, მხოლოდ და... მე და შენ…
სიყვარულს არ უყვარს თანდებულები, სიყვარულში მესამე, რომელიც თან ებმის ყოველთვის ზედმეტია.
უკვე დამასწრეს და თქვეს: მიყვარხარში შენ ხარ, მე ვარ, ის არ არის.
სიყვარული თვითონაა ენა, რომელიც უგრამატიკოდაც გამართული და მეტყველია და რომელიც გრამატიკასაც კი ვერ მოყავს სისტემაში.
. . .
მიყვარხარ მე შენ თუ შენ მე, ვერ გავიგე,
სენად შემეყარა გუშინ ინვერსია,
ორპირიანად და ამბივალენტურად
ახლა მეჩვენება თვითონ პოეზიაც...
მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები
არასტაბილურად და გეზარეული
დავდივარ, მწკრივების ხაფანგში გავები,
თან გზას ვერ ვპოულობ, როგორც მთვარეული.
მწკრივებს და სერიებს რაღაცას ავუხსნი,
როგორმე ვთხოვ და "იცი" ზმნას დავიხმარებ,
ინვერსიულობის სეანსზე გავუშვი,
ასპექტს თუ დაკარგავს, ჩემს თავს დავაბრალებ.
ზმნისწინებს ვერ ვურთავ „შე”-ს და „გადმო”-ს გარდა,
ვერ გადა-გიყვარე, ასე დეფექტური,
გზაში დრო-კილოთა აბგა გამითავდა,
აქტივს დავესესხე, მედიუმს ვემდური.
მე შენთან უშუალო კონტაქტი არ მყოფნის -
პოსიბილიტური ვნების პოეზია,
მოვედი უდროოდ - აწმყოშიც, ნამყოშიც,
ქცევას შევამატე სამი სხვა ვერსია;
მესამე სერიას წარსულზე ვეხუმრე,
ვეღარ მოვაბრუნე გვარში და თან იმგვარ
გზნებით გიხატავდი კოცნის ნაფეხურებს,
რომ გადამემტერა მთელი პარადიგმა...
დავუწყე პირს და რიცხვს ხელახლა ძიება,
რეალურ ობიექტს ნიშანი აკლია,
რელატიურობა არ გეპატიება,
ამ ვალენტობამ კი თითქმის გადამრია...
დრო, კილო, გეზი და ორიენტაცია,
ზმნისწინი, ასპექტი მწკრივებს შევაშველე,
გარდამავლობა რომ ვეღარ გავარკვიე,
გზისობა, აქტი და გვარი გავაშველე;
კონვერსია ისე ჯიუტად მოიქცა,
გავწყვიტე კონტაქტი ყოველგვარ თემაზე,
ფუძემ და ძირმა კი ოთახი მოიცვა
და ალაპარაკდნენ ათასგვარ ენაზე...
ახლა უშენობის ზღვაში ვოიაჟი
ამ ზმნაზე საწერად კარგი მიზეზია,
როგორ ვიფიქრებდი, მორფოლოგიაშიც
თუ იმალებოდა დიდი პოეზია!
. . .
Комментариев нет:
Отправить комментарий